ძალადობის ისტორია
2023 წლის 25 სექტემბრს, PHR-მა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ შემაკავებელი ორდერის გაუქმება შეძლო.
თამარი* 32 წლის ქალია. იგი ქმარს 2 წლის წინ დაშორდა, მარტო ზრდის 2 მცირეწლოვან შვილს. ქორწინების პერიოდში, ქმრისგან განიცდიდა ფიზიკურ, ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ქმრის მხრიდან, ბაშვებზე ზრუნვის ვალდებულებებისგან თავის არიდების გამო, თამარმა შეწყვიტა განათლების მიღება და დაიწყო ოჯახის სარჩენად არანორმირებული შრომა. განქორწინების შემდეგ, ბავშვების საჭიროებების ზრდის გამო, თამარის ტვირთი უფრო დამძიმდა. იგი მიხვდა, რომ განათლების გაგრძელების გარეშე, ვერ შეძლებდა ბავშვებზე სრულფასოვან ზრუნვას და საკუთარი არჩევანის გაკეთებას ცხოვრებაში. თამარი შეწყვეტილ საუნივერსიტეტო სწავლას დაუბრუნდა. იმისათვის რომ ბავშვებზე ზრუნვა, მუშაობა და სწავლა ერთმანეთისთვის შეეთავსებინა - ყოფილი მეუღლისგან არასრულწლოვანზე ზრუნვის განაწილება მოსთხოვა.
ყოფილმა მეუღლემ, ბავშვებზე ზრუნის მოთხოვნას, თამართან კომუნიკაციის სრული შეწყვეტით უპასუხა. იგი უარს ამბობდა მისი ზარებისთვის ეპასუხა, შეხვედროდა ან ცოტა ხნით მაინც დაეტოვებინა ბავშვები. თამარის ემოციური მდგომარეობა, მისი არანორმირებული შრომის და სწავლის გაგრძელებით მომატებული დატვირთვის მიზეზით, განსაკუთრებით დამძიმდა. თამარს დასჭირდა სპეციალისტების დახმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. 2023 წლის აგვისტოში, თამარი იძულებული გახდა ბავშვებზე ზრუნვა ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებისთვის ეთხოვა, რადგან მისი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა დახმარებას საჭიროებდა.
ყოფილმა მეუღლემ, თამარის მიერ ბავშვზებზე ზრუნვის საჯარო მოთხოვნას, მისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერით უპასუხა. პოლიციაში მან განაცხადა, რომ თამარი „მისთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა“ და უცენზურო და უხამსი სიტყვების გამოყენებით მიწერილი მესიჯების გამო, ემოციურად ძალადობდა.
თამარი 28 აგვისტოს, მართლწესრიგის ოფიცერმა, ოჯახში მოძალადედ სცნო ყოფილ
მეუღლესთან არასასურველი კომუკაციის და მასზე ემოციური ძალადობის გამო.
სასამართლო განხილვა
თამარმა შემაკავებელი ორდერის გამოცემისთანავე, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ იურისტის დახმარებით, სასამართლოს მიმართა. შემდეგ ეტაპზე, საქმეში თამარის ინტერესებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავდა.
სასამართლო პროცესი
დარღვევები შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრის მხრიდან
მართლწესრიგის ოფიცერმა თამარის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით დაარღვია არა მხოლოდ კანონის მოთხოვნა, არამედ თამარის და მისი შვილების უფლებები:
მართლწესრიგის ოფიცერმა, შემაკავებელი ორდერის გამოცემისთვის სავალდებულოდ შესავსები რისკის შეფასების კითხვარში, ვერ დააფიქსირა ვერცერთი საფრთხე, რომლის განეიტრალებისთვისაც საჭირო იყო ორდერის გამოცემა - ყველა კითხვაზე, რომელიც საფრთხეს ეხებოდა, მართლწესრიგის ოფიცრის შეფასება იყო - 0.
მართლწესრიგის ოფიცერმა, ყოფილ მეუღლესთან „არასასურველ კომუნიკაციად“ ჩაუთვალა თამარს ბავშვებზე ზრუნვის და ბავშვების დატოვების მოთხოვნა, ანუ კანონმდებლობით მამის მიმართ დადგენილი ვალდებულებების შესრულება ჩაითვალა ქალის მხრიდან „ოჯახში ძალადობად“.
მართლწესრიგის ოფიცერმა თამარს შეუზღუდა ბავშვებთან კომუნიკაციაც, რადგან, ყოფილ მეუღლესთან დარეკვის აკრძალვის გამო, თამარს უწევდა მე-3 პირებისგან ბავშვების მდგომარეობის გაგება (თამარის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბავშვები დროებით იმყოფებოდნენ ყოფილი მეუღლის სახლში). პასუხს კითხვაზე „როგორ არიან ბავშვები“ 12 საათის განმავლობაში ვერ იღებდა.
მართლწესრიგის ოფიცერმა, შეფასების გარეშე დატოვა თამარის მიმართ ჩადენილი ფიზიკური, ემოციური და ეკონომიკური ძალადობა, ქორწინების პერიოდში, ყოფილი მეუღლის მხრიდან და თამარის გაუარესებული ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა.
სასამართლო პროცესზე თამარის ადვოკატმა PHR-დან წარადგინა წერილობითი მტკიცებულებები, რომლის თანახად, უხამსი კომუნიკაციის ინიციატორი და განმახორციელებელი იყო ყოფილი მეუღლე.
დარღვევები ყოფილი
მეუღლის მხრიდან
როგორც მხარემ სასამართლო პროცესზე აღიარა, ყოფილმა მეუღლემ, თამარის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემა გადაწყვიტა მაშინ, როდესაც გაიგო თამარის მხრიდან პოლიციისთვის მიმართვის შესახებ - ქორწინების დროს ჩადენილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის მექანიზმი მის ხელში გადაიქცვა ქალზე დამატებითი ძალადობის იარაღად, რაშიც მან გამოიყენა სამართალდამცავის მხრიდან კომპეტენციის ნაკლებობა.
მხარე თავის სასამართლო სიტყვაში არაერთხელ ახსენებდა თამარის პირად ცხოვრებას (სექსუალურ ორიენტაციასთან კავშირში) განქორწინების შემდეგ, რითაც ცდილობდა სასამართლოში ქალის მიმართ ნეგატიური წინასწარგანწყობის შექმნას.
მხარის ადვოკატი, თამართან ურთიერთობისას იყენებდა თამარისთვის დამამცირებელ მიმართვებს (მაგ. „არ მგონია ერთ მხარეს ქართლის დედა იყოს“) ხოლო, სასამართლო პროცესზე ახდენდა თამარის ძალადობის გამოცდილების დამცირებას და „გესლაითინგს“, შემდეგი ფრაზების გამოყენებით: ხო მე ახლა გაბულინგებ, ამათმა მოიგონეს ძალადობა და ა.შ. ამის გამო, თამარისთვის სასამართლო პროცესი იქცა რე-ტრავმატიზაციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების წყაროდ.
სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლომ გაიზიარა თამარის ადვოკატების პოზიცია და გააუქმა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი.
საქმის პრეცედენტული მნიშვნელობა
აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი იცავს ქალებს, ოჯახში ძალადობისგან დაცვის ინსტრუმენტების, ქალების წინააღმდეგ გამოყენებისგან.
ავლენს, მართლწესრიგის ოფიცრის არაკვალიფიციური რეაგირების და მუშაობის სისტემურ პრობლემას, რომელიც დაინტერესებულ მხარეს საშუალებას აძლევს ქალების წინააღმდეგ ორდერის მექანიზმის უკანონოდ გამოყენებისა.
ავლენს, ქალების პირადი ცხოვრების ქალების წინააღმდეგ გამოყენების უკანონო პრაქტიკას, ყოფილი პარტნიორების მხირდან, რომელიც არ შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს მართლმსაჯულების ორგანოების მხრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ანა ჩხეტია
საქმეზე მუშაობდნენ ადვოკატები:
ანა არგანაშვილი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.
თამარ გაბოძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.
ციალა რატიანი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი.
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) და UN Women Georgia -ს მხარდაჭერით
*სახელი
შეცვლილია მსხვერპლის პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით.