No one has ever become poor by giving

ბავშვების მიერ, ბავშვზე მორგებული ფორმით დაწერილი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო და თქვა რომ სასარჩელო მოთხოვნა არასწორად არის ფორმულირებული.

საუბარია იმაზე, რომ 7, 11 და 17 წლის მოზარდებმა, 2020 წლის 6 ოქტომბერს, დამოუკიდებლად მიმართეს სასამართლოს საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით. სარჩელი ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მხრიდან ბავშვების უფლებების დარღვევას ეხებოდა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბავშვებს მიუთითა, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნა ბუნდოვანია და საჭიროა მიმართონ სასამართლოს სხვა კოლეგიას.  

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან მსგავსი პრაქტიკის დანერგვა, შეიცავს შემდეგ საფრთხეებს: ბავშვებს შეეზღუდოთ სასამართლოზე ხელმისაწვდომობა და დაეკარგოთ სასამართლოს მიმართ ნდობა.

მაშინ როდესაც საქართველოს პარლამენტის მიერ ახლადმიღებული ბავშვთა უფლებათა კოდექსის მე-13 მუხლი მიუთითებს:

“ბავშვს უფლება აქვს, საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და ისარგებლოს მართლმსაჯულების ისეთი სისტემით, რომელიც არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი, მისი ასაკის შესაბამისი, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი, სწრაფი, სამართლიანი, თანამიმდევრული, მისი უფლებებისა და საჭიროებებისთვის მორგებული, ბავშვის ღირსებისა და პირადი ცხოვრების მიმართ პატივისცემის გამომხატველი.”

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან ბავშვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმა „ბუნდოვანი სასარჩელო მოთხოვნის“ და განსჯადობის მიზეზით, არ წარმოადგენს 7 და 11 წლის ბავშვისთვის გასაგებ ენას. პირიქით, მსგავსი პასუხის მიღებამ შესაძლოა საერთოდ გადააფიქრებინოს ბავშვებს სასამართლოში მიმართვა.

სასამართლო ბავშვებს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში ასევე მიუთითებს, რომ ბავშვებს აქვთ უფასო იურიდიული დახმარების მიღების უფლებაც.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა ჰქონდეს უფრო ქმედითი მექანიზმი და თავად შესთავაზოს  ბავშვებს ამგვარი დახმარება, ვინაიდან, ბავშვებმა შესაძლოა ვერ მოახერხონ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირება ტელეფონის არქონის ან გადაადგილების შეუძლებლობის გამო.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საჭიროა სასამართლომ იმსჯელოს ბავშვებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფრო ქმედითი მექანიზმების შემუშავებაზე, რა დროსაც ბავშვებთან სასამართლოს კომუნიკაცია მოხდება ბავშვებისათვის გასაგები ენით და მათ სასამართლო საკუთარი უფლებების დაცვაზე უარს არ ეტყვის იურიდიული ტექნიკის არქონის მიზეზით. მნიშვნელოვანია,  გაეროს ბავშვთა უფლებებისა კონვენციით და საქართველოს „ბავშვის უფლებების კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვების სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ დარჩეს ფორმალურ ჩანაწერად და ამ უფლებით სარგებლობა ბავშვებმა რეალურად შეძლონ.

 

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების 

გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.