გაეროს ბავშვთა
უფლებების კომიტეტი განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს სახელმწიფოებს COVID-19 პანდემიისგან
გამოწვეული შექმნილი მძიმე ვითარების გამო განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ბავშვთა
უფლებების დაცვას და უზრუნველყონ ყველა ბავშვის წვდომა ისეთ საბაზისო საჭიროებებზე,
როგორიცაა ჯანმრთელობა, განათლება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და ა.შ.
#PHR-ი სრულიად
იზიარებს კომიტეტის მიდგომებს და გთავაზობთ რეკომენდაციების თარგმანს:
1. გაითვალისწინეთ პანდემიის გავლენა ბავშვთა უფლებებზე ჯანმრთელობის, სოციალური, საგანმანათლებლო, ეკონომიკური და რეკრეაციული კუთხით.
მიუხედავად
იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა და შეზღუდვები თავდაპირველად ხანმოკლე ვადით გამოცხადდა,
აშკარაა რომ შეზღუდვები უფრო ხანგრძლივ პერიოდზე გაგრძელდება, რაც თავის მხრივ ადამიანის
უფლებების უფრო ხანგრძლივი პერიოდით შეზღუდვას გამოიწვევს. კომიტეტი იაზრებს კრიზისულ
სიტუაციებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში დაშვებულ ისეთ გამონაკლისებს,
რომლებმაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიძლება შეზღუდონ ადამიანის
გარკვეული უფლებები, თუმცა, მსგავსი შეზღუდვების მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა
დაწესდეს და უნდა იყოს პროპორციული, დაცული და აბსოლუტურ მინიმუმამდე დაყვანილი. მიუხედავად
იმისა, რომ ვაღიარებთ COVID-19 პანდემიის შესაძლო მნიშვნელოვან და უარყოფით გავლენას
ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე, შექმნილმა სირთულეებმა არ უნდა შეაფერხოს
კონვენციის განხორციელება. ასევე, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ პანდემიაზე რეაგირება,
მათ შორის შეზღუდვები და რესურსების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებები უნდა ასახავდეს
ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპებს.
2. გამოიკვლიეთ ალტერნატიული და კრეატიული გადაჭრები ბავშვებისთვის, რათა მათ შეძლონ ისარგებლონ დასვენების, რეკრეაციის, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობით დაკავების უფლებით.
მსგავსი
გადაწყვეტილებები უნდა მოიცავდეს დღეში ერთხელ მაინც გარე აქტივობებს (მეთვალყურეობის
ქვეშ), ფიზიკური დისტანცირების პროტოკოლისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვით, ასევე
ბავშვებზე მორგებული ონლაინ, ტელე და რადიო გადაცემებზე წვდომით.
3. დარწმუნდით, რომ ონლაინ სწავლება არ ამძაფრებს არსებულ უთანასწორობას ან ანაცვლებს მოსწავლე-მასწავლებლის ინტერაქციას.
ონლაინ სწავლება
საკლასო სწავლების კრეატიული ალტერნატივაა, მაგრამ იმ ბავშვებისთვის, ვისაც შეზღუდულად
აქვთ წვდომა ინტერნეტზე ან ტექნოლოგიებზე, ასევე, არ აქვთ შესაბამისი მხარდაჭერა მშობლებისგან,
მათთვის, ეს ალტერნატივა გარკვეულ სირთულეებს ქმნის. ასეთი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი
უნდა იყოს ისეთი ალტერნატიული გადაწყვეტები როგორიცაა, მასწავლებლებისგან მიღებული
მხარდაჭერა და დახმარება.
4. საგანგებო პერიოდის მიმდინარეობისას დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ყველა ზომის გატარება, იმისათვის რომ ბავშვებს ჰქონდეთ წვდომა ჯანსაღ საკვებზე და მიიღონ ყველა საჭირო ნივთიერება, გამომდინარე იქიდან რომ მათთვის ერთადერთ საკვებს ბევრი ბავშვი იღებს სკოლაში.
5. ბავშვებისთვის აუცილებელი ისეთი საბაზისო მომსახურებების მიწოდების უზრუნველყოფა, როგორიცაა ჯანდაცვა, სუფთა წყალი, სანიტარული მომსახურება და დაბადების რეგისტრაცია.
მიუხედავად
ჯანდაცვის სისტემებზე მზარდი ზეწოლისა და რესურსების სიმცირისა, ბავშვებს არ უნდა შეეზღუდოთ
წვდომა ჯანდაცვაზე, მათ შორის ტესტირებაზე და მომავალში – ვაქცინაზე, იქნება ეს მკურნალობა
დაკავშირებული COVID-19 – თან თუ, იქნება ეს ფსიქოლოგიური მკურნალობა. საგანგებო მდგომარეობის
დროს ბავშვებს ასევე უნდა ჰქონდეთ წვდომა სუფთა წყალსა და სანიტარულ ნივთებზე. ასევე
არ უნდა შეფერხდეს დაბადების რეგისტრაციის მომსახურება.
6. იმ ბავშვებისთვის, რომელთაც უწევთ ცხოვრება საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ იზოლაციაში, განსაზღვრეთ მათი უფლებების დაცვის ძირითადი სერვისები და უზრუნველყავით მათი ფუნქციონირება და ხელმისაწვდომობა, საჭიროების შემთხვევაში სახლში ვიზიტებიც, მათ შორის მიაწოდეთ ფსიქოლოგიური სამედიცინო მომსახურებებიც.
იზოლაციამ
შესაძლოა გაზარდოს სახლის პირობებში ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა,
ან აიძულოს დარჩნენ ისეთ სახლებში, სადაც ბევრი ადამიანია მოტავსებული და ისინი ვერ
შეძლებენ ისარგებლონ მინიმალური საცხოვრებელი პირობით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბავშვებსა და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებს, ისევე როგორც მათ ოჯახებს, დახურულ
კარს მიღმა შესაძლოა დამატებითი სირთულეები შეექმნათ. სახელმწიფოებმა უნდა გააძლიერონ
სატელეფონო და ონლაინ რეპორტინგი და რეფერალური სისტემები, ასევე აწარმოონ ცნობიერების
ამაღლების კამპანიები სატელევიზიო, რადიო და ონლაინ არხების მეშვეობით. COVID-19 პანდემიით
გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური გავლენის შემსუბუქების სტრატეგიები ასევე უნდა
შეიცავდეს სპეციფიურ ზომებს ბავშვების დასაცავად, განსაკუთრებით კი იმ ბავშების, რომელთაც
უწევთ სიღარიბეში ცხოვრება და არ აქვთ სათანადო საცხოვრებელ პირობებზე წვდომა.
7. დაიცავით ბავშვები, რომელთა მოწყვლადობა კიდევ უფრო გაიზარდა პანდემიით გამოწვეული განსაკუთრებული გარემოებებით.
ეს ჯგუფი
მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს; სიღარიბის პირობებში მცხოვრებ ბავშვებს;
ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს; მიგრანტ, თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილ და იძულებით გადაადგილებულ
ბავშვებს; უმცირესობებსა და ადგილობრივ (indigenous) ბავშვებს; ბავშვებს, რომლებსაც
აქვთ ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა, მათ შორის აივ/შიდსი; ბავშვებს თავისუფლების
აღმკვეთ ან პოლიციის მიერ კონტროლირებად დაწესებულებებში, ციხეებში, უსაფრთხოების მომსახურების
ცენტრებში, მიგრანტთა დაკავების ცენტრებში ან ბანაკებში; და ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ
ინსტიტუციებში. სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ თითოეული ბავშვის უფლებას, იყვნენ
არადისკრიმინაციულები მათ მიერ გატარებულ COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის ზომებში და
მიიღონ მიზნობრივი ზომები, რათა დაიცვან მოწყვლად სიტუაციებში მყოფი ბავშვები.
8. სადაც შესაძლებელია უნდა მოხდეს ბავშვების გათავისუფლება ყველა ფორმის საპატიმროსგან, ხოლო სადაც შეუძლებელია, უნდა უზრუნველყონ მათთვის საკუთარ ოჯახებთან რეგულარული კონტაქტი.
ბევრმა სახელმწიფომ
მიიღო ზომები, ვიზიტების შეზღუდვასთან დაკავშირებით იმ ბავშვებზე, რომლებიც ცხოვრობენ
დაწესებულებებში ან თავისუფლების აღმკვეთ დაწესებულებებში, მათ შორის ბავშვებს, რომლებიც
იმყოფებიან ციხეებში, უსაფრთხოების ცენტრებში, მიგრაციის დაკავების ცენტრებში ან დევნილთა
ბანაკებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეზღუდვების მიღება მოკლევადიან პერიოდში აუცილებელია,
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ისინი მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენენ
ბავშვებზე. ბავშვებს უნდა მიეცეთ საშუალება შეინარჩუნონ რეგულარული კონტაქტი საკუთარ
ოჯახებთან, იქნება ეს პირადი, ელექტრონული, თუ სატელეფონის კომუნიკაცია. იმ შემთხვევაში
თუ ხდება საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების გახანგრძლივება გათვალისწინებული
უნდა იქნეს იმ ზომების გადახედვა, რომლებიც კრძალავს მსგავსი ვიზიტების განხორციელებას.
არ უნდა მოხდეს საემიგრაციო სიტუაციებში მყოფი ბავშვების დაკავება ან მშობლებთან დაშორება.
9. COVID-19–თან დაკავშირებული ნებისმიერი სახელმწიფო დირექტივებისა და დარღვევის გამო ბავშვთა დაპატიმრებისა და დაკავების გაუქმება და მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ოჯახში დაბრუნების უზრუნველყოფა.
10. გაავრცელეთ ზუსტი ინფორმაცია COVID-19 – და იმის შესახებ თუ როგორ ავიცილოთ ინფექციის გავრცელება სხვადასხვა ენებზე და იმ ფორმატში, რომელიც ყველა ბავშვისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, მიგრანტი ბავშვების და ინტერნეტზე შეზღუდული წვდომის მქონე ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი და გასაგები იქნება.
11. მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი მოსაზრები, მოუსმინეთ მათ და გაითვალისწინეთ მათი რჩევები პანდემიის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ბავშვებმა
უნდა გააცნობიერონ მიმდინარე პროცესები და იგრძნონ საკუთარი მონაწილეობა იმ გადაწყვეტილებებში,
რომელთა მიღებაც პანდემიის საპასუხოდ ხდება.
PHR-ი მოუწოდებს
სახელმწიფოს მიაწოდოს ფართო საზოგადოებას ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე და სტანდარტების
შესაბამისად უზრუნველყოს ბავშვთა უფლებების დაცვა.