No one has ever become poor by giving


ინკლუზიური განათლების სფეროში ბოლო წლებში განხორციელებული დადებითი ცვლილებების მიუხედავად, ყველა ბავშვის თანასწორი ჩართვა ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში კვლავ გამოწვევად რჩება.

აღნიშნული ბლოგი დაეხმარება საბავშვო ბაღებს, აღმზრდელებსა და მშობლებს ინკლუზიური სკოლამდელი განათლების ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებაში.

თანასწორობა საბავშვო ბაღებში

განათლების უფლების დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარ პირობებში რეალიზებასთან დაკავშირებით საუბარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაში. კონვენცია აუცილებლად მიიჩნევს ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების მიღების მისაწვდომობას.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში (შემდგომში საბავშვო ბაღი) მიმდინარე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესები უნდა პასუხობდეს ყველა ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებს და საჭიროებებს. შესაბამისად, საბავშვო ბაღი უნდა აწვდიდეს ყველა ბავშვს ინკლუზიურ და, შესაბამისად, ხარისხიან ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებას.

გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის განმარტებით, მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო სფეროში გაქრეს ხედვა იმის თაობაზე, რომ „ერთი ზომა ერგება ყველას“, რამდენადაც ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს თავისი ინდივიდუალური საჭიროებები აქვს, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს განათლების ყველა საფეხურზე. [1]

ინკლუზიური განათლების გაგება გულისხმობს სწორედ საგანმანათლებლო სივრცეში შემავალი ყველა ადამიანის - ბავშვების, მათი აღმზრდელებისა და პედაგოგების, მათი მშობლების, დაწესებულების ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის საერთო ძალისხმევას იმისათვის, რომ ამ სივრცეში ჩართულად, დაფასებულად და ღირსეულად გრძნობდეს თავს ყველა.

საქართველოში ადრეული განათლებისა და აღზრდის სფეროს მარეგულირებელი ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორებიცაა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სტანდარტები[2] გამოყოფენ და აღწერენ იმ მნიშვნელოვან ვალდებულებებს, ცოდნასა და კომპეტენციებს, რომლებიც ბაღებში დასაქმებულ ადამიანებს სჭირდებათ ყველა ბავშვისათვის ისეთი მომსახურების მისაწოდებლად, რომელიც მორგებული იქნება მათ საჭიროებებსა და თავისებურებებზე. თუმცა, აღნიშნული ცოდნა და კომპეტენცია მთელ რიგ შემთხვევებში ნაკლებადაა უზრუნველყოფილი, რაც არღვევს ბავშვის არაერთ უფლებას. [3]

 „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით ინკლუზიური განათლება ეხება ყველა ბავშვს. კანონის მიხედვით ინკლუზიური განათლება არის „საგანმანათლებლო მიდგომა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს დაწესებულებაში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მიუხედავად ბავშვების ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა“. [4]

რას ნიშნავს პრაქტიკაში „ინკლუზიური განათლება ეხება ყველა ბავშვს“

-       ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები უნდა აცნობიერებდნენ და ჰქონდეთ მიმღებლობა იმისა, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ერთ ასაკობრივ ჯგუფში შესაძლებელია ვხვდებოდეთ ბავშვებს, რომლებიც ერთმანეთისგან მრავალი ნიშნითა და საჭიროებით განსხვავდებიან.

 

-       სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება უნდა ხედავდეს ბავშვებს შორის არსებულ მრავალფეროვნებას და ითვალისწინებს მას საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვისას. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თანამშრომლები უნდა იყენებდნენ ინდივიდუალურ მიდგომებს ადრეული სკოლამდელი განათლების მიწოდების პროცესში.

 

-       სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მულტიდისციპლინური გუნდის მომსახურება. საჭიროების იდენტიფიცირების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალური მასწავლებლის, ასისტენტის მომსახურება.

 

-       სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება უნდა თანამშრომლობდეს მშობლებსა და თემში არსებულ ბავშვის მხარდამჭერ სხვა ორგანიზაციებთან.

 

-       სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ორგანიზებული უნდა იყოს ბავშვის მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგი.

რას ნიშნავს ინდივიდუალური მიდგომა?

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბაღის გარემო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა არის ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება, გადამწყვეტია, მან ეს მხარდაჭერა სწორედ ბაღის გარემოში მიიღოს და დამატებითი მხარდაჭერის საჭიროება არ უნდა გახდეს ბაღისთვის თავის დანებების მიზეზი.

იმ შემთხვევაში, თუ აღმზრდელის ინტერვენცია არასაკმარისად ფასდება, მას ჯგუფში მხარდამჭერად უნდა შეუერთდეს სპეციალისტი, რომელმაც ფრთხილად, ისე რომ არ დაირღვეს ჯგუფის ბუნებრივი დინამიკა, შესთავაზოს ბავშვებს მათთვის მიზანშეწონილი აქტივობები. ხოლო ცალკეული ბავშვებისთვის დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში დაიგეგმოს ერთი ერთზე ინტერვენცია ჯგუფის გარეთ სპეციალისტის მხრიდან.

უნდა გვახსოვდეს, რომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კომიტეტის განმარტებით, სპეციალისტების (მათ შორის ინდივიდუალური პედაგოგის, ქცევის თერაპევტის, ასისტენტის) დაქირავების მიზნით, თანხის გამოყოფა ინკლუზიური განათლების მიწოდების ზოგადი ვალდებულებიდან (მისაწვდომობიდან) გამომდინარე, წარმოადგენს ისეთ ხარჯს, რომელიც დაწესებულების მხრიდან უნდა იყოს გაღებული.[5]

ინკლუზიურ განათლებას გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტი განმარტავს, როგორც სასწავლო მეთოდებში, მიდგომებში, სტრუქტურებსა და სწავლების სტრატეგიებში შეტანილ მოდიფიკაციებსა და ცვლილებებს, რათა შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის პირისთვის უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი და კომბინირებული სასწავლო გამოცდილება და გარემო[6]. ამავდროულად, ეს გარემო საუკეთესოდ უნდა პასუხობდეს მათ მოთხოვნილებებს.[7] კომიტეტის შეფასებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განათლებაზე წვდომაზე პირდაპირ ან ირიბად უარის თქმა ან ნებისმიერი ფორმით ხელშეშლა შედეგად იწვევს მათ გარიყვას. [8]

 

საქართველოში არსებული მდგომარეობა

არასამთავრობო ორგანიზაციაში  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  უამრავი მშობელი მოგვმართავს იურიდიული დახმარებისთვის, რომელიც ეხება საბავშვო ბაღების მხრიდან დისკრიმინაციულად, მომსახურების გაწევაზე უარის თქმას და ასევე, შემდგომ სასწავლო პროცესში ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გაუთვალისწინებლობას და/ან დამხმარე სპეციალისტების არ აყვანას და ა.შ.

პრაქტიკის მიხედვით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს ქცევის სირთულის გამო ბავშვების დაწესებულებიდან გაშვებას, საჭირო სერვისების და მომსახურების მიღებაზე უარის თქმას, მათ შორის, სპეციალური მასწავლებლის, ქცევის თერაპევტის, ფსიქოლოგის ჩართვაზე უარს ამბობს დაწესებულება. ასევე, ხშირია შემთხვევები როდესაც მშობლები უარს ამბობენ ჯგუფში ისეთი ბავშვის ყოფნაზე, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ქცევის სირთულეები და ბაღის მხრიდან არასათანადო რეაგირების გამო, ფიქრობდნენ, რომ მათ შვილებს ექმნებათ საფრთხე.

გვახსოვდეს:

-       ბაღმა ყველა მშობელს ბავშვების ბაღში მიყვანისთანავე უნდა გააცნოს ბაღის პოლიტიკა და შეატყობინოს, რომ ბაღი არის ინკლუზიური და ამ გარემოში მიესალმებიან ყველა ბავშვს, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება ნებისმიერ ჯგუფში იყოს ბავშვი, რომელსაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება.

 

-       ბაღმა მშობლებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ეს მხარდაჭერა და როგორ იქნება ის ორგანიზებული ბაღის გარემოში. მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ინკლუზიური გარემო ერთნაირად სასარგებლოა ყველა ბავშვისათვის და უნდა იცოდნენ, თუ რა დადებითი შედეგი აქვს ბავშვისთვის ბევრი განსხვავებული თავისებურების მქონე ადამიანთან ურთიერთობას.

 

-       სკოლამდელი აღზრდის  საქმიანობის განხორციელებისას დაწესებულებებმა უნდა იცოდნენ და გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ შეთავაზებული მომსახურება უნდა იყოს ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული.

 

-        ბაღებმა მომსახურება უნდა მიაწოდონ ბავშვებს ისე, რომ ყველას თანასწორად ჰქონდეს  საბავშვო ბაღის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა.

 

-       ბაღის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ მასწავლებელთა პროფესიული ცოდნის ამაღლება და განგრძობადი განათლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ქცევის მართვის საკითხებთან დაკავშირებით აუცილებელია.

 

-       ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია მშობლებისთვის, რათა მათ იცოდნენ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კანონმდებლობით ყველა ბავშვს თანაბრად  აქვს უფლება მიიღოს ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სკოლამდელი განათლება და ეს ყველა კერძო თუ საჯარო ბაღმა მათი ხარჯებით უნდა შეასრულოს. 

 

ეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განათლების ყველა საფეხურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა, საჯარო თუ კერძო, საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს. [9]

და ბოლოს, განათლება ხელს უნდა უწყობდეს ბავშვს, საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, დამოუკიდებლად გაუძღვეს და მოაწყოს საკუთარი ცხოვრება [10] და  ბავშვები მათი ინდივიდუალური საჭიროებების გამო არ გარიყონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებიდან.


ბლოგი მომზადდა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

 

ბლოგის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

 

 


[1] შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი, ზოგადი კომენტარი №4 (2016) ინკლუზიური განათლების შესახებ, პარ. 30.

[2] ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, ხელმისაწვდომია: https://www.unicef.org/georgia/media/1956/file/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98.pdf.

[3] სასამართლოს მეგობრის მოსაზრება გონივრული მისადაგების პრინციპთან დაკავშირებით, https://www.ombudsman.ge/geo/sasamartlos-megobris-mosazrebebi/sasamartlos-megobris-mosazreba-gonivruli-misadagebis-printsiptan-dakavshirebit?fbclid=IwAR2x0KO-Gt2hkgdGMvr0ZdviTbhTJ07bN2Rb5pcRQ6SKcHXCFS1YmIRuKl0.

[4] „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, მე-3 მუხლი, პუნქტი „ლ“.

[5] გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი N6 (2018) თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ, პარ. 26.

[6] გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი N4 (2016) ინკლუზიური განათლების შესახებ, CPRD/G/GC/4, 25.11.2016, პარ. 11.

[7] იქვე, პარ.11.

[8] გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი N4 (2016) ინკლუზიური განათლების შესახებ, CPRD/G/GC/4, 25.11.2016, პარ. 11.

[9] საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, მუხლი 27; საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, მუხლი 23.

[10] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის N2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე: „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ნაწ. II, პარ. 16- 18.