No one has ever become poor by giving


ბლოგი მომზადებულია ანა თავხელიძის მიერ

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირებისა და ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სპეციალური კანონის მიღების მიუხედავად, მართლმსაჯულების პროცესში ბავშვები, მით უფრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, არაერთ ბარიერს აწყდებიან, რაც გავლენას ახდენს მათი უფლებების რეალიზებაზე.

ბავშვებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერია ბავშვების მონათხრობის არ დაჯერება მათი ასაკიდან გამომდინარე.[1]  ამ მიმართულებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები კიდევ უფრო მეტ ბარიერებს აწყდებიან. პრაქტიკის გარდა, გამოწვევებია საკანონმდებლო დონეზეც, ვინაიდან ეროვნული კანონმდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობას.[2] ამავდროულად, პრობლემას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებებზე მორგებული გარემოს არარსებობა და დამხმარე სპეციალისტების კადრების დეფიციტი,[3] ასევე,  პროფესიონალების სტერეოტიპული დამოკიდებულებები.  

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. კონსტიტუციის აღნიშნულ ჩანაწერთან სრულად შესაბამისობაშია ის საერთაშორისო ხელშეკრულებები, რისი შასრულების ვალდებულებაც აღებული აქვს საქართველოს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მე-7 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზებისათვის, სხვა ბავშვების თანასწორად, რაც ამავე კონვენციის მე-13 მუხლთან ერთობლიობაში ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მოსმენის უფლების რეალიზებას მართლმსაჯულების პროცესში.

ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მე-12 მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველყოს ნებისმიერი ასაკის ბავშვის მოსმენის უფლება.[4]  ბავშვის მოსმენის უფლების შესახებ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის N12 ზოგადი კომენტარის თანახმად, მოსმენის უფლება განიმარტება ფართოდ და გულისხმობს მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით ნებისმიერი ფორმით მოსმენის უზრუნველყოფას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდის აღიარება მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას, მათ შორის სასამართლოს წინაშე წარდგომისას, წარმოადგენს პროცედურულ მისადაგებას, რომელიც არ ექვემდებარება შეზღუდვას. [5]

საერთაშორისო კანონმდებლობასთან ნაწილობრივ შესაბამისობაშია ეროვნული კანონმდებლობა, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 117-ე მუხლი ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკითხვას მისი შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე საჭირო და შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მის მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილის როლის ეფექტიანი განხორციელება. აღნიშნული გულისხმობს დამხამრე სპეციალისტების ჩართულობას ბავშვის გამოკითხვის პროცესში. ამასთანავე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების, მათ შორის გამოკითხვის პროცესში ექსპერტის (სპეციალური ცოდნის მქონე პირის) მონაწილეობასა და პროცესის ვიდეო ჩაწერას.[6]

კონკრეტული საქმის მაგალითზე კი ნათლად ჩანს რომ ზემოთ განხილული ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის პრაქტიკაში ეფექტური აღსრულება, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

2023 წლის აპრილში PHR-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 13 წლის ბავშვის დედა დაუკავშირდა და თხოვა მისი შვილის ინტერესების დაცვა ტრანსპორტირებისას მძღოლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის საქმეზე.  PHR-ის იურისტმა საქმეში ჩართვისთანავე ბავშვის დაზარალებულად აღიარება და საქმის მასალებზე წვდომა მოითხოვა. ბავშვს მსხვერპლად ცნობაზე უარი პროკურატურასთან ერთად სასამართლომაც უთხრა, იმ საფუძვლით, რომ იგი საქმეზე გამოკითხული არ იყო. ბავშვს მეტყველების შეფერხება აქვს, გამოკითხვის სტანდარტული პროცედურით კი მისგან ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია. ბავშვის ადვოკატმა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე[7] გამოძიებისგან მოითხოვა ბავშვის გამოკითხვა ბავშვზე მორგებულ გარემოში დამხმარე სპეციალისტის (მეტყველების თერაპევტი) მონაწილეობით და გამოკითხვის პროცესის ვიდეო გადაღება, რათა ერთი მხრივ, უზრუნველყოფილიყო ბავშვის მონაწილეობა მართლმსაჯულების პროცესში და ამავდროულად, შესაძლებელი გამხდარიყო ბავშვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, როგორც მნიშვნელოვანი მტკიცებულების დაცვა. საგამოძიებო ორგანოსგან ბავშვის ადვოკატს ეცნობა, რომ სახელმწიფომ ვერ მოიძია შესაბამისი სპეციალისტი, ვინც შეძლებდა ბავშვის გამოკითხვას.

ბავშვის უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით, ადვოკატმა თავად მოიძია დამხმარე სპეციალისტი და გამოძიებას შესთავაზა ბავშვის დროული გამოკითხვა, თუმცა უშედეგოდ, ამ დრომდე ბავშვის გამოკითხვის მიზნით რაიმე ნაბიჯი არ გადადგმულა, რაც ფაქტის მოხდენიდან გასული დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ბავშვის მოსმენის უფლების რეალიზებას.

მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მართლმსაჯულების პროცესში ეფექტური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები პრაქტიკაში სრულდებოდეს, სხვა შემთხვევაში აღნიშნული გარანტიები ხდება ფიქციური და ილუზორული. შედეგად კი ბავშვები ვერ სარგებლობენ მართლმსაჯულების მისაწვდომობის უმნიშვნელოვანესი უფლებით.

 

ბლოგი მომზადდა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

ბლოგის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

 



[1] 2020 წლის 20 ივლისს, სახალხო დამცველმა 10 წლამდე ასაკის ბავშვების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტზე, ზოგადი წინადადებით მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ვინაიდან ბიურო ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით არასანდოდ მიიჩნევდა 10 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ მიცემულ ჩვენებას.

ამავე საკითხზე იხილეთ ბლოგი:  რატომ არ სჯერა სასამართლოს 6 წლამდე ასაკის ბავშვის? ხელმისაწვდომია: https://www.phr.ge/blog/563?lang=geo 

[2] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 50, ნაწილი 2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 141, „ა“ ქვეპუნქტი.

[3] საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 268

 

[4] UN Committee on the Rights of the Child (CRC), General comment No. 12 (2009): The right of the child to be heard, 20 July 2009, CRC/C/GC/12, available at: https://www.refworld.org/docid/4ae562c52.html  [accessed 23 November 2023]

[5] შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი, ზოგადი კომენტარი N6 (2018) თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ,§ 51

[6] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მუხლი 111, მუხლი 113

[7] გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 12; გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, მუხლი 7; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 117.