2021 წელს, PHR-ს, ორგანიზაცია „ბავშვთა სიმსივნეები და სუპერ გმირების“ ხელმძღვანელმა, მარიამ მითაიშვილმა მიმართა. მან ისაუბრა გამოწვევებზე, რასაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები მკურნალობის პროცესში აწყდებოდნენ. ვინაიდან ბავშვებს ერღვეოდათ ჯანმრთელობის უმაღლესი ხარისხით სარგებლობის უფლება, PHR-მა მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდეგში - სამინისტრო) და მოითხოვა დაფინანსების გაზრდა, ევროპის წამლის სააგენტოს სტანდარტის მქონე მედიკამენტების გამოყენება მკურნალობის დროს, გეოგრაფიული მისაწვდომობის უზრუნველყოფა და მეორე აზრის მოპოვების შესაძლებლობა. სამინისტრომ ორგანიზაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც PHR-მა სასამართლოს მიმართა.
2022 წლის 2 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო PHR-ის სარჩელი ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისათვის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით.
ორგანიზაცია სარჩელით ითხოვს:
- ბავშვების საქართველოში მკურნალობა დაფინანსდეს სრულად;
- ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობა დაფინანსდეს სრულად;
- იყოს შესაძლებელი მეორე აზრის მოპოვება ქვეყანაში, რაც გულისხმობს მინიმუმ კიდევ ერთი სპეციალისტის (ექიმის) არსებობას;
- გაიზარდოს კლინიკების გეოგრაფიული მისაწვდომობა (რაც გულისხმობს რეგიონებში ონკო ცენტრების გახსნას) რათა ოჯახებს არ დაშორდნენ ბავშვები და არ მოუწიოთ დედაქალაქში გადაცხოვრება.
- ბავშვების მკურნალობის პროცესში გამოყენებულ იქნეს ის მედიკამენტები, რაც აკმაყოფილებს ევროპის წამლის სააგენტოს (ემა-ს) სტანდარტს.
- ორგანიზაცია
ჯამში, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსების 30 მილიონით გაზრდას ითხოვდა.
2023 წლის 24 აპრილს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ონკოლოგიური პაციენტი ბავშვების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო საზღვარგარეთ დააფინანსებს და 300-მდე პაციენტის მკურნალობისთვის 30 მილიონ ლარამდე გამოიყოფა. ხოლო ამავე წლის 11 ივლისს, გავრცელდა განცხადება, რომ საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ონკოლოგიური ცენტრის გახსნამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა მსოფლიოს სამ ქვეყანაში: ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში დაფინანსდება.
PHR-ი მიესალმება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის ჯანმრთელობის სერვისების მისაწვდომობის ზრდას და აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია განაგრძობს სასამართლოში დავას, რადგანაც მოწესრიგებული კვლავ არ არის შემდეგი საკითხები:
- გეოგრაფიული მისაწვდომობა საქართველოში;
- მკურნალობის პროცესში გამოყენებული წამლების ხარისხი;
- საქართველოში მკურნალობის დაფინანსება სრულად;
- „მეორე აზრის“ მისაწვდომობა.
საქმეზე მუშაობენ PHR-ის იურისტები: თამარ კაპანაძე, ანა აბაშიძე, ანა არგანაშვილი.