No one has ever become poor by giving

ფაქტები

ანა* 11 წლის გოგოა, რომელიც ადვოკატობაზე ოცნებობს. მას საკუთარი და თანატოლი გოგოების უფლებების დაცვა და გაძლიერება უნდა. ახლა ანა დედისგან განცალკევებით ცხოვრობს, თუმცა 2023 წლამდე ის დედასთან და არასრულწლოვან ძმასთან ერთად ცხოვრობდა.  

რა გახდა განცალკევების მიზეზი?

რამდენიმე წლის წინ ანა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი დედის მეგობარი მამაკაცის, ზვიადის მხრიდან გახდა. ეს ზვიადის მათთან სტუმრად ყოფნის დროს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ანამ დედას მომხდარის შესახებ უამბო, დედამ არ დაუჯერა, უსაყვედურა კიდეც მის მეგობარს რომ ძალადობა დააბრალა.  

ზვიადი მალევე გადავიდა ანას სახლში საცხოვრებლად. ის წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა ბავშვზე, ხშირად ძალადობას ანას არასრულწლოვანი ძმა, გიორგიც შესწრებია. ხშირი იყო ზვიადის მხრიდან ბავშვზე ფიზიკური ძალადობაც. ასევე ზვიადი ანას  ქუჩაში შემწეობის თხოვნას აიძულებდა და ეუბნებოდა, რომ რადგან ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი იყო, მას უფრო მეტი ადამიანი დაეხმარებოდა.  

2022 წლის დეკემბერში, მორიგი ფიზიკური ძალადობის დროს, ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, სახლში პოლიცია მივიდა. ანამ პოლიციასთან ცალკე ლაპარაკი ისურვა და სწორედ ამ  დროს მოუყვა პოლიციელებს სექსუალური ძალადობის შესახებ.

ანას განცხადების საფუძველზე მამინაცვალს ბრალი წაუყენეს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე და დააპატიმრეს. მიუხედავად ამისა, დედას არ სჯეროდა შვილების და სასამართლო პროცესებზე აცხადებდა, რომ ბავშებმა ყველაფერი მოიგონეს.

2022 წლის დეკემბერში საქმეში ბავშვების ადვოკატად PHR ჩაერთო.

რა მოხდა სასამართლო პროცესზე  

2022 წლის დეკემბერში ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა არასრულწლოვანი ბავშვების დედისგან განცალკევება. ბავშებს მამა გარდაცვლილი ჰყავთ. 

დედა  სასამართლო პროცესზე აღნიშნავდა, რომ ანას ტყუილები უყვარს და ხშირად იგონებს რაღაცეებს. დედის პოზიციით, ბავშვმა სექსუალური ძალადობის ფაქტიც გამოიგონა.

PHR-ის ადვოკატების პოზიციით: დედამ, ბავშვის მხრიდან სექსუალური ძალადობის შეტყობინების იგნორირებით, დაარღვია ბავშვის უფლებები. კერძოდ, მოახდინა ბავშვის უგულებელყოფა, რაც ბავშვზე ძალადობის კიდევ ერთ ფორმას წარმოადგენს. მსგავსი მიდგომა, ბავშვს მუდმივი საფრთხის მდგომარეობაში აგდებს და ვერ იცავს მის ხელშეუხებლობას და საუკეთესო ინტერესს.

სასამართლომ დააკმაყოფილა სააგენტოს მოთხოვნა და განაცალკევა არასრულწლოვანი ბავშვები მშობლისგან. ზეპირ განმარტებაში მოსამართლემ აღნიშნა, რომ შუამდგომლობაში აღნიშნულ სხვა გარემოებებთან ერთად, ის ფაქტი, რომ დედას არ სჯერა შვილების, ეჭვქვეშ აყენებს მათ ნათქვამს სექსუალური ძალადობის შესახებ და განაგრძობს ჩვეულ ყოფას, საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ დარწმუნდეს, ბავშვები არიან უგულებელყოფის მსხვერპლი, და ბავშვების განცალკევება მშობლისგან, ამ ეტაპზე, მათი საუკეთესო ინტერესია.

აღნიშნული გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შვილების უსაფრთხოების დაცვა, მშობლებისთვის არა არჩევანი, არამედ - მოვალეობაა. ყველა მშობელი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს ბავშების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ შეტყობინებას და მაქსიმალურად დაიცვას ბავშვი შემდგომი ძალადობისგან. ბავშვის მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე შეტყობინების იგნორირება,  ბავშვის უფლებების მძიმე დარღვევას და უგულებელყოფას წარმოადგენს.

დედამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

მოსამართლეები:

პირველი ინსტანცია: მოსამართლე სალომე სამხარაძე

მეორე ინსტანცია: მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

PHR-ი აგრძელებს ანას და მისი თანატოლების უფლებების დაცვას სასამართლოში.

ამ საქმეზე მუშაობენ იურისტები: თამარ გაბოძე, თამარ კაპანაძე, ანა არგანაშვილი. 

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education)  მხარდაჭერით.