No one has ever become poor by giving

2022 წლის პირველ აგვისტოს PHR-ის იურისტები შეხვდნენ 9 წლის ვოლოდიმირის და 10 წლის მიხაილოს (ბავშვების სახელები შეცვლილია), რომლებიც უკრაინის ომს გამოექცნენ და თბილისში დედასთან ერთად 13 ივნისს ჩამოვიდნენ.

13 ივნისიდან პირველ  აგვისტომდე, ბავშვები, დედასთან ერთად, თბილისის მერიის მიერ გამოყოფილ სასტუმროში ცხოვრობდნენ. თბილისის მერიამ 2022 წლის 17 ივლისს გაავრცელა განცხადება,  რომ წყვეტს უკრაინელი ლტოლვილების დახმარებას სასტუმროთი და სამჯერადი კვებით, ვინაიდან, 13 ივლისს საქათველოს მთავრობამ შეიმუშავა განკარგულება #1254 და უკრაინელ ლტოლვილებისთვის ახალი პროგრამა ჩაირთო.

საქართველოს მთავრობის ამ პროგრამის მიხედვით, უკრაინელ ლტოლვილებს დახმარების სახით თვეში განესაზღვრათ 300 ლარი (107 ევროს ექვივალენტი) თავშესაფრის უზრუნველყოფისთვის და 45 ლარი (16 ევროს ექვივალენტი) ოჯახის ერთ წევრზე - ყველა დანარჩენი ხარჯისთვის. აღნიშნული დახმარება, მთავრობის განკარგულებით მხოლოდ 3 თვე გაგრძელდება. ხოლო დახმარების გაცემა კი აგვისტოს 20-დან დაიწყება.

ამ ცვლილებით, 9 წლის ვოლოდიმირი და 10 წლის მიხაილო, დედასთან ერთად დარჩნენ ქუჩაში 1 აგვისტოდან 20 აგვისტომდე. ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, სახელმწიფოსგან სავარაუდოდ მიიღებენ ისეთ თანხას, რომელიც არასაკმარისია ბავშვების სრულფასოვანი კვების, საცხოვრებლის და განვითარების პირობების უზრუნველყოფისთვის.

როდესაც PHR-ის ადვოკატები 1 აგვისტოს ბავშვებს შეხვდნენ ისინი დროებით მოთავსებულები იყვნენ  სასტუმროში - ხალხის შემოწირულობით, არ ჰქონდათ საკვები, მედიკამენტები, ჰიგიენის ნივთები, სათამაშოები. ბავშვებს არ ჰქონდათ არაფერი - რაც 9 და 10 წლის ბავშვებს ესაჭიროებათ. უკრაინის ომში გამოვლილი მძიმე სტრესის და სარდაფში გატარებული კვირის გამო, განიცდიდნენ პოსტტრამვული აშლილობის სიმპტომებს.

ბავშვების დასახმარებლად, PHR-ის ადვოკატებმა 3 აგვისტოს მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს მთავრობისგან მოითხოვეს:

- საკვები.

- თავშესაფარი,

- ჰიგიენის ნივთები,

- სამედიცინო დახმარება

- სათამაშოები.

8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბავშვების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ აღნიშნა, რომ განცხადება დროებითი მოთხოვნის თაობაზე იურიდიულად გაუმართავი იყო. კერძოდ, სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს მთავრობა არ იყო მოთხოვნის ადრესატი და ადვოკატებს სხვადასხვა უწყებების მიმართ უნდა ჰქონოდათ მოთხოვნა - მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მძიმე მდგომარეობაში სწორედ მთავრობის განკარგულებამ ჩააყენა. სასამართლოს არცერთი სიტყვით არ უმსჯელია განცხადების განხილვის დროს რა ესაჭიროებოდათ ბავშვებს. მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ ასევე უარი თქვა ბავშვებთან შეხვედრაზე და მათი არის მოსმენაზე - აღნიშნა, რომ ბავშვების მოსმენის საჭიროება არ არსებობს.

ორგანიზაცია აგრძელებს ბრძოლას მიხაილოს და ვოლოდიმირის უფლებებისთვის.


პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.