No one has ever become poor by giving

2022 წლის 2 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო PHR-ის სარჩელი ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისათვის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით.

როგორია პრობლემის მასშტაბი?

საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ 100 ბავშვს ესმევა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოზი. 2015-2020 წლებში სიმსივნეების მიზეზით გარდაიცვალა 17 წლამდე ასაკის 169 ბავშვი, ეს ამავე წლებში დასმული დიაგნოზების 25%-ს შეადგენს. თუმცა ამ მონაცემებში არ შედის საზღვარგარეთ გარდაცვლილ ბავშვთა რიცხვი, რომლის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური არ აწარმოებს.

რამდენ ლარს შეადგენს დაფინანსება?

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიური ლიმიტი ბავშვებისთვის არის 23 000 ლარი. ხოლო, საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების ლიმიტი არაუმეტეს 10 000 სავალუტო ერთეულის ექვივალენტის ლარში. ეს მაშინ როცა საშუალოდ ბავშვს 100 000 ევრო სჭირდება მკურნალობისთვის. სახელმწიფო ბავშვის უცხოეთში მკურნალობის მაქსიმუმ 10% აფინანსებს, რაც მიზერულია და რის გამოც ბავშვები საერთოდ ვერ იღებენ სასიცოცხლოდ აუცილებელ სამედიცინო  დახმარებას.

სხვა რა პრობლემებს აწყდებიან ბავშვები?

ბავშვები მკურნალობის პროცესში აწყდებიან პრობლემებს, როგორიცაა სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული მისაწვდომობა. მთელი საქართველოს ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს სამკურნალოდ თვეობით თბილისში უწევთ ცხოვრება. რაც ზრდის ხარჯებს.

ბავშვებს სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში არ აქვთ წვდომა უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებზე, რის გამოც მათი მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია და წამლის გვერდითი ეფექტები მძლავრი.

საქართველოში სახელმწიოს მიერ სრულად არ ფინანსდება საჭირო გამოკვლევები და ბავშვებს არ აქვთ სამედიცინო „მეორე აზრის“ მოპოვების საშუალება. რადგან ბავშვთა ონკოლოგიაში ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 1 სპეციალისტი არსებობს.

რას ვითხოვთ? 

სწორედ იმიტომ, რომ არსებული სერვისები და დაფინანსება არ არის საკმარისი და ირღვევა ბავშვების სიცოცხლის უფლება, PHR-მა დაიწყო სამართლებრივი დავა ბავშვებისთვის. მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ:

  • ბავშვების საქართველოში მკურნალობა დაფინანსდეს სრულად;
  • ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობა დაფინანსდეს სრულად;
  • იყოს შესაძლებელი მეორე აზრის მოპოვება ქვეყანაში, რაც გულისხმობს მინიმუმ კიდევ ერთი სპეციალისტის (ექიმის) არსებობას;
  • გაიზარდოს კლინიკების გეოგრაფიული მისაწვდომობა (რაც გულისხმობს რეგიონებში ონკო ცენტრების გახსნას) რათა ოჯახებს არ დაშორდნენ ბავშვები და არ მოუწიოთ დედაქალაქში გადაცხოვრება.

უფრო ვრცლად ამ საკითხთან დაკავშირებით, 15 მარტს, 12 საათზე, გაიმართება FB ონლაინ პრესკონფერენცია, სადაც ვისაუბრებთ ვრცლად სასამართლო დავის შესახებ. 

მისამართი: მერაბ ალექსიძის 1, კორპ.2 სართული 8.
საკონტაქტო: 0322331356