როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, PHR-ი იცავს ფერიის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელს, მის მიმართ პანსიონში ყოფნის პერიოდში განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.
როდესაც 2021 წლის 16 სექტემბერს, ორგანიზაციამ განცხადებით მიმართა ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდს (ფერიის პანსიონი) და ითხოვა ყოფილი აღსაზრდელის შესახებ მათთან დაცული დოკუმენტაციის გადაცემა, ხოლო პანსიონმა მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა, PHR-მა 2021 წლის 19 ოქტომბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა და პანსიონის მხრიდან ყოფილი აღსაზრდელის ინფორმირების უფლების დარღვევაზე რეაგირება მოითხოვა.
2021 წლის 11 ნოემბერს, მხოლოდ მას შემდეგ რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აღნიშნულ საკითხზე წარმოება დაიწყო, პანსიონმა შეგვატყობინა, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია აღარ ინახებოდა პანსიონში.
იმავე დღეს ორგანიზაციამ ფერიის პანსიონს დამაზუსტებელი განცხადებით მივმართეთ და მოვითხოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ სად ინახებოდა ყოფილი აღსაზრდელის პერსონალური ინფორმაცია; ასევე, მოვითხოვეთ შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
პანსიონს არც აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით მოუწოდებია ინფორმაცია.
რისგან გვიცავს „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ კანონის 21-ე მუხლი?
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი იცავს ადამიანის ინფორმირებისა და პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის უფლებას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელს, ამ შემთხვევაში ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდს (ფერიის პანსიონი), ავალდებულებს 10 დღის ვადაში მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია სუბიექტს და გადასცეს მის შესახებ არსებული დოკუმენტაციის ასლები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა გაფრთხილება. ფონდს დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განმცხადებელს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
ინსპექტორი განმარტავს, რომ
„მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის გამოთხოვის უფლება წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას. მონაცემთა სუბიექტს ეძლევა შესაძლებლობა და უფლება გაეცნოს მისი მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციას, მოიპოვოს შესაბამისი დოკუმენტაციის ასლები და გამოარკვიოს რა კონტექსტში და რა ფორმით ხდება მისი მონაცემების დამუშავება.“
PHR-ი განაგრძობს ფერიის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის ინტერესების დაცვას.
თუ შენ ხარ პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი, ან დღესაც ცხოვრობ პანსიონში და თვლი რომ შენი უფლებები ირღვევა, დაგვიკავშირდი 032 2 331356, ან მოგვწერე Facebook გვერდზე.