No one has ever become poor by giving


ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება ბავშვისთვის ფანქრების და ფურცლების ხელში მიჩეჩება არ არის. არც ხშირად დასმული „როგორ ხარ?,“ ან მანტიის გახდა. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება ბავშვის თანასწორად აღქმიდან იწყება. ჩვენი საქმიანობის ხარისხი ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით იზომება.

 

ჩემმა კოლეგებმა იციან, რამდენად ფორმალობაა  სისხლის სამართლის საქმეებზე მოწმე ბავშვის ადვოკატად ყოფნა, ფაქტობრივად არაფრის უფლება გაქვს. ამიტომ მინდა ჩემი გამოცდილების შესახებ მოგითხროთ.,


ერთ დღეს გადავწყვიტე ეს ფორმალობა დამერღვია და მოსამართლეს მივწერე მოსაზრება ბავშვების დაკითხვის პროცედურის შესახებ. შემდეგ არსებითი განხილვის სხდომაზე მივედი. როდესაც გაჟღერდა რომ შემდეგ სხდომაზე ბავშვები უნდა დაეკითხათ, დამსწრეთათვის განკუთვნილი ადგილიდან ავდექი, ტრიბუნასთან მივედი და ვთქვი, რომ მე ვარ ბავშვების ადვოკატი და მინდა პოზიცია დავაფიქსირო. ამას ბრალდებულის ადვოკატების შეძახილები მოჰყვა: „ეს ვინ არის, რა უფლება აქვს რომ ლაპარაკობს, სად წერია რომ მოწმის ადვოკატს შეუძლია ასე მოიქცეს და ა.შ."

 

სინამდვილეში, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არ გვაქვს ჩანაწერი როგორ უნდა მოიქცეს მოწმე/დაზარალებული ბავშვის ადვოკატი, როდესაც პოზიციის დაფიქსირება სურს, მაგალითად ბავშვის დაკითხვის პროცედურის შესახებ. თუმცა გარკვევით წერია, რომ სახელმწიფო აღიარებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობას და ბავშვებს უსმენს მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემთვის უნდა მოესმინათ.

 

მოსამართლემ გამაჩერა და მითხრა, რომ ჯერ უნდა ემსჯელა მქონდა თუ არა საუბრის უფლება. მოუსმინა მხარეებს. ბავშვებისთვის საბედნიეროდ პროკურორი დამეთანხმა, ბრალდებულის ადვოკატები - არა. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესია ისმოდეს მისი ხმა ადვოკატის მეშვეობით.   გულწრფელად რომ ვთქვა, უფრო სხდომიდან გაძევების მოლოდინი მქონდა, ამიტომ ძალიან გამიხარდა მოსამართლის გადაწყვეტილება.

 

როცა ტრიბუნასთან გავედი პირველ რიგში ვთქვი, რომ ყველაფერი რაზეც ვისაუბრებდი, ბავშვებთან შეთანხმებული იყო. მოვითხოვე, მცოდნოდა დაკითხვის პროცედურის ყველა დეტალი, რადგან სათანადოდ მომემზადებინა ბავშვები და ზუსტად ის მომხდარიყო პროცესზე,  რის მოლოდინსაც მე შევუქმნიდი მათ. ლოგიკურად, საუბარი გავაგრძელე ბავშვების ემოციური უსაფრთხოების დაცვაზე. მათ ზიანი მიადგებოდათ თუ სხდომის დარბაზში შესვლამდე, მოსაცდელ სივრცეშიც კი ბრალდებულის მშობელი შეხვდებოდათ, ან თუ ის ბავშვების დაკითხვას დაესწრებოდა.  დამთრგუნველ მუქ ფერებში მორთულ სასამართლო სხდომის დარბაზში ხელოვნურად მომღიმარი უცხო ადამიანების თანდასწრებით ბავშვების დაკითხვაც არ  იქნებოდა სწორი, ამიტომ ბავშვების დისტანციური დაკითხვა მოვითხოვე. ბოლოს კი ყველანაირ ზღვარს გადავედი (მოსამართლის სახის გამომეტყველებით მივხვდი ამას) და ვთქვი, რომ ბავშვებისთვის შეკითხვები მხოლოდ ფსიქოლოგს უნდა დაესვა და არა პროკურორს და ადვოკატებს, რადგან მთავარი ბავშვია და არა  ინფორმაცია, რასაც ის ფლობს.


ზღვარს იმიტომ გადავედი, რომ სისხლის სამართლის პროცესში, როგორც წესი სიტყვასიტყვით მიჰყვებიან კანონის ჩანაწერს, მაშინაც როცა საქმე ბავშვებს ეხებათ.  კანონში კი არ არის გაწერილი ბავშვის დაკითხვის პროცედურა როგორი უნდა იყოს. ასეთ დროს საერთაშორისო სტანდარტი მოქმედებს, რის მიხედვითაც საუკეთესო გზად სპეციალიზებული ინტერვიუერის მიერ ბავშვების დაკითხვაა მიჩნეული (NICHD პროტოკოლი). იმის მოთხოვნა რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ნახსენებიც კი არ არის და განსხვავდება აქამდე არსებული პრაქტიკისგან,  როგორც წესი გაოცებას იწვევს მოსამართლესა და მხარეებში.

 

მოსამართლე ყურადღებით მისმენდა. ვერ გეტყვით ბავშვთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის ხსენებამ გაჭრა, თუ ჩათვალა, რომ როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, ჩარჩოებს შემიძლია გავცდე. საბოლოოდ, გაიზიარა ჩემი პოზიცია და დათანხმდა ბავშვების ფსიქოლოგის თანდასწრებით დისტანციურ დაკითხვას, ბრალდებულის დასწრების გარეშე.

 

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მიღწევაა ბავშვთა უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, რადგან სასამართლომ გადაწყვიტა იყოს ბავშვზე მორგებული და არა პირიქით. ასეთი მიდგომა სისხლის სამართლის პროცესში  ბავშვების მონაწილეობას ამარტივებს, რაც საბოლოო ჯამში უფრო სწორი გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებს.

 

პოზიტიური ცვლილებები ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწევა და მჯერა, რომ ხვალ მოსამართლე უფრო მეტად გაცდება ჩარჩოებს და კანონებს მიღმა შეძლებს ბავშვების დანახვას.  მანამდე კი ბავშვების ინტერესების დასაცავად მზად ვარ დავარღვიო ყველა წესი, ყოველ ჯერზე ავდგე დამსწრეთათვის განკუთვნილი ადგილიდან, მივიდე ტრიბუნასთან და ვთქვა, რომ მე ვარ ბავშვის ადვოკატი და მინდა პოზიცია დავაფიქსირო.


ბლოგის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.