No one has ever become poor by giving

2021 წლის გაზაფხულზე საქართველოს სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა არ მიეცა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ.

მალევე, 2021 წლის ივნისში კიდევ ერთი პანსიონის ყოფილმა აღსაზრდელმა ისაუბრა პანსიონში ცხოვრების დროს აღმზრდელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.  21 წლის ლუკა სარალიძემ, რომლის ინტერესებსაც PHR იცავს, საჯაროდ ისაუბრა მის მიმართ ფერიის პანსიონში (წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონი) წლების განმავლობაში სისტემატიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ.

2021 წლის ივლისში, PHR-მა, წერილობით მიმართა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო),  და გამოითხოვა ყოფილი აღსაზრდელის - ლუკა სარალიძის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ითხოვა დოკუმენტაციის ასლების გადმოცემა.

სააგენტომ კანონით დადგენილ ვადაში არ გასცა მოთხოვნილი ინფორმაცია, რის საფუძველზეც ორგანიზაციამ 2021 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და მოითხოვა სააგენტოს მიერ ინფორმირების წესების დარღვევაზე რეაგირება.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი იცავს ადამიანის ინფორმირებისა და პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის უფლებას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, ავალდებულებს 10 დღის ვადაში მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია სუბიექტს და გადასცეს მის შესახებ არსებული დოკუმენტაციის ასლები.

სააგენტომ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორისადმი მიმართვის შემდეგ  უზრუნველყო.  რითიც დაადასტურა, რომ PHR-ს კანონის მიხედვით ნამდვილად ჰქონდა ამ დოკუმენტაციის მიღების უფლება, მაგრამ უწყებამ ეს პროცესი იქამდე გაახანგრძლივა, სანამ ორგანიზაციამ საჩივრით არ მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს.

სახელმწიფო ინსპექტორმა იმსჯელა განმცხადებლის ინფორმირების წესების დარღვევაზე და დაადგინა, რომ  სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ დაარღვია პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის ინფორმირების უფლება. შესაბამისად, სააგენტო მიიჩნია სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა გაფრთხილება.

#PHR-ი აგრძელებს პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის უფლებების დაცვას.