No one has ever become poor by giving

კოვიდ-19 პანდემიამ  უპრეცედენტოდ ნეგატიური გავლენა იქონია გლობალური განათლების სისტემაზე და 1.5. მილიარდზე მეტი მოსწავლე დააზარალა მსოფლიოს მასშტაბით.[1]

საქართველოში, წელიწადნახევრიანი წყვეტის შემდეგ, 2021 წლის 4 ოქტომბერს სასწავლო  და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესი საკლასო ოთახებსა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში განახლდა. თუმცა, სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, ინფიცირების მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე, კვლავ დაიწყო საუბარი მკაცრი შეზღუდვების ამოქმედების აუცილებლობაზე.

ქვევით ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იმოქმედოს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დადგენილი სტანდარტებით, რომლის მიხედვითაც, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღებისას, სკოლები და  სკოლამდელი განათლების დაწესებულებები უნდა იხურებოდეს ყველაზე ბოლოს და იხსნებოდეს ყველაზე ადრე და არ დაუშვას მათი  არადიფერენცირებული დახურვა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში 2304  საჯარო და კერძო სკოლა და 2000-მდე სკოლამდელი განათლების დაწესებულებაა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით [2], სკოლების გახსნიდან 2 კვირაში, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. 14 ოქტომბრის მონაცემებით, თბილისის 186-დან 88 სკოლამდელი განათლების დაწესებულება სრულად დაიხურა კოვიდ 19-ის გავრცელების გამო; ქუთაისში სრულად დაიხურა 13 და ნაწილობრივ 6 დაწესებულება. კახეთში 39 სკოლამდელი განათლების დაწესებულება დაიხურა, ასევე, დაიხურა ზოგიერთი დაწესებულების რამდენიმე ჯგუფი.

ამ ეტაპისთვის, აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალის 69%, ორჯერადად აცრილია მასწავლებლების 52%-ი.

სკოლამდელ განათლებას ბავშვის განვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. სწორედ ამ დროს ხდება ბავშვის სოციალიზაცია, უნარების განვითარება, სკოლისთვის მომზადება. UNESCO-ს მიერ განხორციელებული გლობალური კვლევის მიხედვით, მაღალია როგორც პანდემიით გამოწვეული საგანმანათლებლო დანაკარგი, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით წარმოშობილი პრობლემები.

პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს მთავრობას არ გამოუყენებია ეფექტიანი სტრატეგია სკოლებისა და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. სიტუაციის მართვის ნაცვლად, საკოორდინაციო საბჭომ გამოსავალი პრობლემისთვის თავის არიდებაში ნახა და სკოლამდელი განათლების დაწესებულები და სკოლები სრულად დახურა.

2020-2021 წლებში ბაღები მხოლოდ 4-6 კვირის განმავლობაში იყო გახსნილი, შესაბამისად, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს 1 წლის განმავლობაში თითქმის არ ჰქონიათ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში სიარულის შესაძლებლობა[3]. გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად, გამოცდილება ცხადყოფს, რომ სკოლა არ არის ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვანი წყარო და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღებისას, სკოლები და  სკოლამდელი განათლების დაწესებულებები უნდა იხურებოდეს ყველაზე ბოლოს და იხსნებოდეს ყველაზე ადრე.

შესაბამისად, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და იუნესკოს კოვიდ-19-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რეკომენდაციებით. ასევე:

  • აქტიურად განახორციელოს ვაქცინაცია - უზრუნველყოს სკოლამდელი განათლების დაწესებულებების პერსონალის, აღმზრდელების, სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების ვაქცინაციის ხელშეწყობა.
  • შეიმუშაოს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები.
  • უზრუნველყოს სკოლის, ბავშვების და მოზარდების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს 12+ ასაკის ბავშვების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესი
  • სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენოს მხოლოდ დიფერენცირებული მიდგომა - ვირუსის გავრცელების ზონებისა და ტემპების შესაბამისად.
  • სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვა განიხილოს, როგორც უკიდურესი ღონისძიება.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის (ორგანიზაციაში გაერთიანებულია 49 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მუშაობენ)
  2. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR
  3. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  4. საფარი
  5. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  6. უფლებები საქართველო
  7. საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“
  8. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის
  9. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი


[1] კვლევა - “რა ვისწავლეთ?“, კვლევა ჩატარებულია მსოფლიო ბანკის, იუნესკოს და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, 2020 წლის ოქტომბერში;

[3] საერთაშორისო ასოციაცია - „კივიტას გეორგიკას“ კვლევა პანდემიის გავლენა სკოლამდელ განათლებაზე საქართველოში.