No one has ever become poor by giving


საერთაშორისო კანონმდებლობა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ბავშვის ოჯახიდან გამოყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულ მოთხოვნებს უწესებს სახელმწიფოს. საერთაშორისო სტანდარტები დეტალურად განსაზღვრავს, რა გარემოებები უნდა მიიღოს მხედველობაში ბავშვზე ზრუნვის სისტემამ ამ დროს და როგორი უნდა იყოს ის პროცედურები, რომელზე დაყრდნობითაც ბავშვის მშობლებისგან განცალკევების გადაწყვეტილება მიიღება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა ქვეყნებს უყენებს, სწორედ სიღარიბის გამო ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის აკრძალვაა, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე დაზღვეული უნდა იყოს შესაბამისი სოციალური ფულადი და არაფულადი მხარდაჭერით.

სიღარიბის გამო ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ორი გადაწყვეტილება, რომელიც დეტალურად არის ქვემოთ განხილული. სასამართლომ ორივე შემთხვევაში მიიჩნია, რომ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა დაარღვიეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომელიც იცავს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას.

Wallova and Walla v. Czech Republic

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა საქმეში Wallova and Walla v. Czech Republic (Application No.  23848/04) ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების საფუძვლის გამო.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები

განმცხადებელი Emilie Wallova და მისი ქმარი Jaroslav Walla, იყვნენ ჩეხეთის მოქალაქეები. მათ ჰყავდათ ხუთი შვილი. 2000 წლის სექტემბერში სოციალური დაცვის დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე, სასამართლომ გასცა ბრძანება, რომ დაუყოვნებლივ დაწყებულიყო ზედამხედველობა განმცხადებლების შვილებისათვის შესაბამისი საცხოვრისის უზრუნველყოფის თაობაზე. 2000 წლის ნოემბერში სოციალური დაცვის დეპარტამენტმა გააკეთა მიმართვა ბავშვების დროებით ალტერნატიულ ზრუნვაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ვინაიდან ოჯახს 1997 წლიდან არ ჰქონდა შესაბამისი და სტაბილური საცხოვრებელი სახლი და არ ასრულებდა სასამართლოს მიერ წინა ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას ბავშვებისათვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობების შექმნასთან დაკავშირებით. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე 200 წლის 15 ნოემბერს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების დროებით ბავშვთა სახლში განთავსებაზე. სამი ბავშვი განთავსდა ერთ ბავშვთა სახლში, ხოლო ორი სხვა სახლში.

2002 წლის 18 აპრილს სასამართლომ ხუთივე ბავშვზე მეურვეობა მისცა ბავშვთა სახლს. გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ ქმარს არ ჰქონდათ სტაბილური სამსახური და მის ცოლს, რომელიც არ იყო საერთოდ დასაქმებული, არ ჰქონდა დასრულებული ფორმალური მოთხოვნების შევსება, რომ მიეღო შესაბამისი სოციალური დახმარება. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ განმცხადებლებს არ გაუწევიათ საკმარისი ძალისხმევა იმისათვის, რომ დაეძლიათ მატერიალური სირთულეები და მოეძებნათ ოჯახისათვის შესაბამისი საცხოვრებელი ფართი, რის გამოც მათ არ შეეძლოთ ბავშვების სათანადოდ აღზრდა.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს განმცხადებლებმა, მაგრამ 2004 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის უცვლელი დარჩა. აღნიშნულ შემთხვევაშიც სასამართლომ მიიჩნია, რომ ზრუნვის ალტერნატიული ფორმა იყო ბავშვებზე სათანადოდ ზრუნვის ერთადერთი გამოსავალი, მიღებული იყო კანონისა და ბავშვების საუკეთესო ინტერესის შესაბამისად. ამის პარალელურად, 2003 წელს უფროს ბავშვზე სახელმწიფოს მიერ დანიშნული მეურვეობა შეწყდა, რადგან მან მიაღია სრულწლოვანებას, ორი ბავშვის მეურვეობა გადაეცა სხვა ოჯახს 2005 წელს, დანარჩენ ორ ბავშვზე სახელმწიფოს მიერ დაწესებული ზრუნვის ფორმა გაუქმდა 2006 წელს და მათ შესაძლებლობა მიეცათ დაბრუნებულიყვნენ ბიოლოგიურ მშობლებთან შესაბამისი სუპერვიზიის ქვეშ. ბავშვების მშობლებთან დაბრუნების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა ის ფაქტი, რომ მათ დაიწყეს ბინის დაქირავება, ქმარი რამდენიმე თვეა მუშაობდა და ცოლი იღებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დანიშნულ პენსიას. ორი ბავშვი კვლავ განაგრძობდა ცხოვრებას მიმღებ ოჯახში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

განმცხადებლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს 2004 წელს. ისინი აცხადებდნენ, რომ მათი შვილებთან დაშორება გამოწვეული იყო ჩეხეთის მთავრობის მიერ შესაბამისი დახმარების გაწევის ნაკლებობით. ისინი უთითებდნენ კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება) და მე-14 მუხლების დარღვევაზე (დისკრიმინაციის აკრძალვა).

სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში მართლაც დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი, ხოლო მე-14 მუხლთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, საჭირო აღარ იყო აღნიშნულ მუხლზე მსჯელობა.  

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჩეხეთის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება სრულად დააფუძნა იმ ფაქტს, რომ განმცხადებლებს არ ჰქონდათ შესაბამისი საცხოვრებელი პირობები. არც განმცხადებლების შესაძლებლობა, აღეზარდათ საკუთარი შვილები ან მათი აღზრდის სტილი, არ ყოფილა კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული და სასამართლოსთვის ცნობილი იყო ის ძალისხმევა, რასაც ისინი ახორციელებდნენ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. შესაბამისად, სასამართლოსთვის ერთადერთ პრობლემას წარმოადგენდა ნაკლები რესურსები, რაც ჩეხეთის მთავრობას შეეძლო გამოესწორებინა შესაბამისი დახმდარებით და არა ბავშვების ოჯახისგან დაშორების გზით, რომელიც წარმოადგენს უკიდურეს ზომას და უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებში. ჩეხეთის მთავრობას შეეძლო სხვა ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება. მაგალითად, შეეძლო მუდმივი მონიტორინგი განეხორციელებინა განმცხადებლების საცხოვრებელ პირობებსა და სახლის ჰიგიენურ მდგომარეობაზე. ასევე, სახელმწიფოს შეეძლო მშობლებისათვის მიეცა კონკრეტული რჩევები, რა უნდა გაკეთებინათ შექმნილი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მოეძებნათ მათი პრობლემების გადაჭრის გზები.

ევროპული სასამართლოს შეფასებით, არცერთი აღნიშნული ღონისძიება ჩეხეთის მთავრობამ არ განახორციელა. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ შესაბამისი მიზეზების არსებობის მიუხედავად, ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილება არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მსგავსი ჩარევა განეხორციელებინათ განცხადებლების ოჯახურ ცხოვრებაში ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების გზით. ასევე, საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რა სახის მხარდაჭერა აღმოუჩინეს საოციალური დაცვის სამსახურებმა განმცხადებლებს, რომ მოეგვარებინათ არსებული პრობლემები და დაებრუნებინათ ბავშვები მაქსიმალურად დროულად უკან. 


მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.