No one has ever become poor by giving

ნატო ინგოროყვამ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-სთვის ბლოგის დაწერა დიდი ხნის წინ შემომთავაზა. ვერ იქნა და ვერ დავწერე. კარგა ხანს ვიმიზეზე მოუცლელობა, მაგრამ ყოველთვის, როცა ჩემს თავს სოციალურ ქსელში უსაქმოდ მობოდიალეს აღმოვაჩენდი, ვხვდებოდი, რომ ნატოსაც ვატყუებდი და და საკუთარ თავსაც.

თუ საკუთარ თავს ატყუებ, საფუძველშვე უარს ამბობ ნამდვილ ცხოვრებაზე, ამიტომ ამ საღამოს, როდესაც საზოგადოებაში დამკვიდრებულმა გულგრილობამ ძალიან შემაწუხა და წერა მომინდა, ჩემს თავთან ანგარიშის გასწორება გადავწყვიტე.

ჩემი პირველი პროფესია, ფსიქოლოგობა, თუ ოდესმე რამეში გამომდგომია, ჩემივე თავის რეაბილიტაციაა. ხშირად, როდესაც საკუთარი შფოთვების შენიღბვას ვცდილობ, ჩემი თავი ჩამჭრელ კითხვებს მისვამს და მაიძულებს ვაღიარო, რომ პრობლემა მაქვს. ფსიქოლოგიაშიც ასე მასწავლეს: თუ ოდესმე სითამამე გეყო და ფსიქოლოგად მუშაობა გადაწყვიტე, ფსიქოთერაპიისა და საკუთარ თავზე მუშაობის 200 საათი (ალბათ, საუკეთესო შემთხვევაში) უნდა გაიარო, სანამ სხვის შინაგან სამყაროზე ლაპარაკს გაბედავ.

სიტყვა „მასწავლებელი” ჩემთვის არ არის იოლად გადასატანი რამ. ბევრი მასწავლებელი მყოლია – სამი სკოლა გამოვიცვალე, მაგრამ ამ სიტყვის წარმოთქმისას მხოლოდ ერთი მათგანი მახსენდება და ამ დროს თუ შემომხედავთ, შეამჩნევთ, რომ წელში ვიხრები და იატაკს დავყურებ. მის სახელს არ ვიტყვი. არც სკოლას. მე-6 კლასში ვიყავი, როდესაც გამოაცხადა, რომ ფეხსაცმელი უჭერდა და ვისაც მისი ზომა ეცვა, უნდა გაეხადა და მიეცა. მე მოვიბუზე და ვლოცულობდი, მისი ზომა არ მცმოდა. საბედნიეროდ, გადავრჩი. ბავშვობიდან მტკივნეულად აღვიქვამდი პირად სივრცეში შემოჭრას, ამიტომ ყველა ასეთი თხოვნა, კომენტარი სხეულის ნაწილებზე თუ ხმამაღლა სარძლოდ დასახელება (ასეთი რამეებიც სჩვეოდა) ძალიან მძაბავდა. ამ ამბის შემდეგ ხშირად მესიზმრებოდა, რომ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვარ, ორივე ფეხსაცმელი დავკარგე და ყველა ჩემს შიშველ ფეხებს უყურებს, მე კი ძალიან მრცხვენია და ვეძებ, ვეძებ ამ ფეხსაცმელებს… იმ მასწავლებელმა საბოლოოდ დაამსხვრია მასწავლებლებისადმი ჩემი ნდობა. იყვნენ კარგებიც, რომელთა მზრუნველობამ და ამაგმა აქამდე მომიყვანა, მაგრამ ის ემოცია, აწ უკვე ტრავმა, არ მავიწყდება.

სავარაუდოდ, მე სკოლაში ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ვარ. შესაძლოა, ზოგისთვის გაუგებარი ფორმის ძალადობის, მაგრამ ძალადობის არსიც ეს არის – თუ თავად არ გამოგიცდია, არ უნდა განსაჯო სხვის ნაცვლად მისი მატრავმირებელი ძალა. ეს ამბავი ასე იყო, მე დამამახსოვრდა ტრავმად, როდესაც ჩემს პირად სივრცეში შემოჭრის რეალური საფრთხე ვიგრძენი.

იქნებ ამიტომაც ვარ ვალდებული, დავწერო სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, რადგან მანამდე, სანამ ყველა ვითამაშებთ, თითქოს არაფერი გადაგვხდენია, ყველა სხვა ბავშვი დაუცველი დარჩება. ჩემი ჯერია, ამოვიღო ხმა, გავბედო და ვთქვა, როგორ მაწუხებდა ზოგიერთი მასწავლებელი მამაკაცის დაჟინებული მზერა წამოზრდილ ადგილებზე, როგორ არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა, როცა ყოველ დილით კიბესთან მხვდებოდნენ „მაგარი გოგოები” და ტანსაცმლისა და ჩანთის გამო დამცინოდნენ, ან უსამართლობას ვგრძნობდი, როდესაც ჩემი მასწავლებელი მხოლოდ იმათ უწერდა კარგ ნიშნებს, ვისაც თავად ამზადებდა შინ.

გავიდა ხანი და მე ბავშვთა მიმართ ძალადობის ინდივიდუალურ ქეისებს ომბუდსმენის ბავშვთა უფლებების ცენტრის უფროსის პოზიციიდან ვსწავლობდი. ბევრს ვუსმენდი ბავშვებსაც, მშობლებსაც და მასწავლებლებსაც და ვხვდებოდი, რომ ძალადობა სკოლაში კი არ იწყება, არამედ იქ პრობლემის მხოლოდ მწვერვალი ჩანს და თავად მასწავლებელმაც, შესაძლოა, ძალზე კეთილგანწყობილმაც კი, არ იცის, როდის გადადის ძალადობაში მისი ქცევა; არ იცის, რომ ბავშვები არიან ადამიანის უფლებების და თავისუფლებების მატარებელი სუბიექტები და, მაშასადამე, უფლებრივად თანასწორები; რომ ამ ბავშვებს აქვთ ღირსება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეილახოს.

მაგრამ არც საგანმანათლებლო სისტემამ იცის, რომ ამ მასწავლებლებსაც აქვთ ღირსება, რომელიც ილახება დაუფასებელი შრომის, არასათანადო პირობების, არასწორი კომუნიკაციის გამო. შესაძლოა, ისინიც, თავის მხრივ, სხვადასხვა ფორმის ძალადობისა თუ ინფორმაციის ნაკლებობის მსხვერპლნი იყვნენ და შედეგად ხდება ის, რაც ხდება – გაუაზრებელი, გაუთვალისწინებელი კრიზისები სკოლებში, სადაც ყველა ზიანდება, ყველაზე მეტად კი – ბავშვი.

ამ ყველაფრის გამო მე მინდა დავწერო და თქვენთან ერთად გავთავისუფლდე ჩემსავე თავში დაფარული ტრავმებისგან, გავთავისუფლდე ჩემი თავისგან როგორც ძალადობის მსხვერპლისგან და გავხდე ძალადობის შემდეგ გადარჩენილი (survivor). მე ხმამაღლა ვილაპარაკებ ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, მის არსსა და ფესვებზე, ძალადობის აღკვეთის საკანონმდებლო ნორმებზე, საერთაშორისო პრაქტიკაზე, თანამედროვე გამოწვევებზე. იმისთვის, რომ მერე თქვენც ილაპარაკოთ, რადგან ეს მხოლოდ თქვენ არ გამოგივლიათ. ჩვენ უნდა გვქონდეს ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოება, სადაც ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და ტრავმის გადალახვაში დავეხმარებით.

მე ამ ყველაფერზე დავწერ თქვენთვის, რათა თქვენც ჩემსავით გათავისუფლდეთ. მერე ჩვენ სათითაოდ გამოვეყოფით ძალადობის ამ სცენას, გარედან შევხედავთ ძალადობის კულტურას და გავხდებით გადარჩენილები და ძალიან ძლიერები, რომლებიც ყველა სხვა სირთულეს გაუმკლავდებიან და სხვებსაც დაეხმარებიან ამაში.

ბლოგი მომზადებულია ინტერნეტ გაზეთისათვის mastsavlebeli.ge

წყარო: http://mastsavlebeli.ge/?p=3175

ბლოგის ავტორი: ანა არგანაშვილი