No one has ever become poor by giving

ავტორი: James Gallen

მოამზადა: ანა თავხელიძემ

სტატიაში ავტორი განიხილავს  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას  O’keeffe v. Ireland  (application no. 35810/09), რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ ირლანდია ინფორმირებული უნდა ყოფილიყო ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის რისკების შესახებ კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებასა და მართვის ქვეშ მყოფ სკოლებში, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდული ფინანსური მხარდაჭერისა, არსებული ეფექტური კანონმდებლობისა და დაცვითი გეგმისა.  

საგანმანათლებლო კონტექსტში, სისტემის მიერ ბავშვების სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ დაყენების გამო, ირლანდიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებამ გააფართოვა სასამართლოს მიდგომა კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პოზიტიური ვალდებულებების განმარტებასთან  დაკავშირებით.

განმცხადებელი O’keeffe  1968 წლიდან სწავლობდა დანდეროუს ეროვნულ სკოლაში, რომელიც დაკომპლექტებული იყო არაპროფესიონალი მასწავლებლებით, მართავდა ადგილობრივი კათოლიკე მღვდელი და მფლობელი იყო ადგილობრივი ეპისკოპოსი.  განმცხადებელმა და მისმა მშობლებმა არ იცოდნენ, რომ 1971 წელს  სკოლის მენეჯერმა მიიღო საჩივარი იმის შესახებ, რომ სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი, LH, მხილებული იყო ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში, მაგრამ საჩივარს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.  

1973 წელს განმცხადებელი საკლასო ოთახში  დაახლოებით 20-ჯერ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი LH-ს მხრიდან.  1973 წელს  სკოლის ხელმძღვანელებთან მშობელთა შეხვედრისას გაირკვა, რომ რამდენიმე სხვა ბავშვზეც იძალადა სექსუალურად. ამის შემდეგ სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულმა LH-მ ნებაყოფლობით დატოვა სკოლა და მოგვიანებით სხვა სკოლაში გააგრძელა საქმიანობა საპენსიო ასაკამდე. 

LH-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი ყოფილი მოსწავლის საჩივრის შემდეგ, 1996 წელს,  პოლიცია დაუკავშირდა განმცხადებელს. LH-ს ბრალდება წარედგინა, 10 წლის განმავლობაში 21 მოსწავლის მიმართ ჩადენილ  სექსუალური ძალადობის  386 შემთხვევაზე.  1998 წელს ის ცნეს დამნაშავედ და დააპატიმრეს.

1998 წელს განმცხადებელს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის  გამო მიეცა კომპენსაცია.

განმცხადებელმა ასევე დაიწყო სამოქალაქო დავა ირლანდიის სახელმწიფოსა და LH-ს წინააღმდეგ. სახელმწიფოს ის ედავებოდა   დაუდევრობაში, როემლიც გამოიჩინა LH-ს მიერ სექსუალური ძალადობის თავიდან აცილების ნაწილში. ასევე, LH-ს ქმედებებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოსა და LH-ს შორის ურთიერთკავშირის გამო და როგორც განათლების სერვისის მიმწოდებელს ირლანდიის კონსტიტუციიდან გამომდინარე. LH-ს თავი არ დაუცავს მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, განმცხადებელს აუნაზღაურდა ზიანი. სახელმწიფო არ დაეთანხმა განმცხადებლის მოთხოვნებს ერთი შეხედვით (prima facie) სახელმწიფოს პასუხისმგებლობის არარსებობის საფუძვლით.

ირლანდიის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა დაუდევრობა და ირლანდია არ იყო პასუხისმგებელი LH-ს მიერ განხორციელებული ძალადობის გამო. აგრეთვე განმარტა, რომ სკოლის ფაქტობრივი მმართველი იყო საეკლესიო ხელმძღვანელობა და არა სახელმწიფო.  განმცხადებელი არ დაეთანხმა სასამართლოს განმარტებას და  გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. მოსამართლემ მიუთითა, რომ ირლანდია  აფინანსებდა განათლების სისტემას, მაგრამ არ ახორციელებდა მართვას. ამასთანავე, არ არსებობდა სახელმწიფოს მხრიდან სკოლების პირდაპირი კონტროლი. შესაბამისად,  შეზღუდული სახელმწიფო კონტროლისა და მენეჯმენტის გამო  სასამართლომ არ დაადგინა ირლანდიის პასუხისმგებლობა.  ერთ-ერთი მოსამართლე არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას. გაიზიარა ხედვა, რომ სახელმწიფომ არ იცოდა ძალადობის შესახებ, თუმცა სკოლები მიიჩნია  ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივ საწარმოდ (joint enterprise), შესაბამისად, მისი შეფასებით ირლანდიას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა LH-ს ქმედებების გამო.

განმცხადებელმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. მას მიაჩნდა, რომ ირლანდიამ არ დაიცვა ის LH-ს მხრიდან ძალადობისგან და დატოვა ეფექტური დაცვის გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა მე-13 მუხლთან ერთობლიობაში.

სასამართლომ გაიზიარა, რომ სასამართლოს წინაშე არ წარდგენილა მტკიცებულება, რომელიც  დაადასტურებდა ირლანდიის უმოქმედობას განმცხადებლის დაცვასთან დაკავშირებით. 1995 წლამდე, სანამ სახელმწიფოს არ წარედგინა საჩივარი LH-ს ქმედებების შესახებ, სახელმწიფომ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ LH-ს რაიმე რისკი შეექმნა. თუმცა სასამართლომ განმარტა, რომ ირლანდიას უნდა სცოდნოდა 1973 წელს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის რისკის შესახებ. სასამართლო დაეყრდნო კვლევებს, რომლებიც ადასტურებდა  იმ პერიოდისათვის ირლანდიაში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის მაღალ მაჩვენებელს. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ როდესაც სახელმწიფო არასახელმწიფო ორგანიზაციას (აქ ეკლესია)  გადასცემს ბავშვების განათლების ფუნქციას და კონტროლს, ირლანდიას უნდა სცოდნოდა ბავშვების დაცვის თანმდევი ვალდებულება. მას ასევე უნდა სცოდნოდა ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები, თუ არ არსებობდა  დაცვის შესაბამისი სისტემა, მათ შორის არასათანადო მოპყრობის გამოვლენისა და შეტყობინების ეფექტური მექანიზმები.

სასამართლომ დაასკვნა, რომ  არსებული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფდა 1973 წელს ბავშვების საკმარისად დაცვას, შესაბამისად, ირლანდიამ დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულება დაეცვა განმცხადებელი სექსუალური ძალადობისგან.

ავტორი კრიტიკულად განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის დებულებების დროში გამოყენების საკითხს და არგუმენტად მოჰყავს გადაწყვეტილებაში მოსამართლე ზიმელის განსხვავებული აზრი, რომელიც აკრიტიკებს სასამართლოს მეთოდოლოგიას და ხაზს უსვამს, რომ ირლანდიის ვალდებულებები განხილული უნდა ყოფილიყო ფაქტებისა და კონვენციის ფონზე ისე, როგორც ეს გაიგებოდა 1973 წელს. ასევე მითითებულია, რომ  იმ დროისთვის არ არსებობდა სასამართლოს რელევანტური პრაქტიკა, რაც გაამყარებდა უმრავლესობის განმარტებას პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით.  შესაბამისად, სასამართლო ირლანდიას ადანაშაულებდა, რომ  1973 წელს ვერ აკმაყოფილებდა  იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რომლებიც მოგვიანებით ეტაპობრივად განვითარდა სასამართლო პრაქტიკით. ავტორი ასევე უთითებს პალმის კუნძულების საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც  მოსამართლე ჰუბერმა განმარტა, რომ  იურიდიული ფაქტი  უნდა შეფასდეს თანამედროვე კანონის ფონზე და არა იმ დროის კანონით, როდესაც დავა წარმოიშვა ან შეიძლება მოგვარდეს.  ამ არგუმენტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იყენებდა საჩივრების დაუშვებლად ცნობისას  მაშინ, როდესაც მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოსთვის კონვენციის ნორმები შესასრულებლად სავალდებულო არ იყო. 

ავტორი აღნიშნავს, რომ საქმეებში სასამართლო იშვიათად მიმართავს კონვენციის რეტროსპექტულ გამოყენებას. 2008 წლის საქმეში K.U. v. Finland, რომელიც შეეხებოდა ბავშვთა ინტერნეტპორნოგრაფიას, სასამართლომ დაასკვნა, რომ „1999 წელს, როდესაც ფაქტები მოხდა, ყველასთვის კარგად იყო ცნობილი. რომ ინტერნეტი, ზუსტადაც მისი ამოუცნობი მახასიათებლების გამო, შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო დანაშაულებრივი მიზნებისთვის.“   საქმეში Vamava and others v. Turkey  სასამართლომ განმარტა, რომ კონვენციით გათვალისწინებული მხარეების მბოჭავი ვალდებულების ინტერპრეტაციის შინაარსი ვერ გაუთანაბრდება უკუძალით პასუხისმგებლობის დაკისრებას და დაასკვნა, რომ სასამართლო პრაქტიკა არის წინარე ტექსტების განმარტების საშუალებაც, რისთვისაც უკუძალის აკრძალვის პრინციპი არ გამოიყენება იგივენაირად, როგორც ეს მიემართება კანონებს.  ავტორის შეფასებით ო კიფის საქმე წარმოადგენს სასამართლოს მიერ ხელიდან გაშვებულ შანსს, რომ დეტალურად განეხილა ეს მოსაზრებები და ერთმანეთისგან გაემიჯნა კონვენციის განმარტებითი გამოყენება და პასუხისმგებლობის უკუძალით დაკისრება.  

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში მოსამართლეთა უმრავლესობის მიდგომამ კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით ფართოდ განმარტა კავშირი ზიანსა და სახელმწიფოს ვალდებულებას შორის, ვიდრე „რეალური და მყისიერი რისკის“ სტანდარტი - Osman v. United Kingdom.  ოსმანის საქმეში მომჩივანი უთითებდა, რომ სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულება, ვინაიდან ვერ აღკვეთა მოთვალთვალის ქმედება, რის შედეგადაც მან მოკლა მომჩივნის ოჯახის წევრი. სასამართლომ დაასკვნა, რომ დარღვევა მაშინ არის აშკარა, როდესაც დგინდება, რომ სახელმწიფომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იდენტიფიცირებული მესამე პირების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სიცოცხლის ხელყოფის რეალური და მყისიერი საფრთხის არსებობა და სახელმწიფომ არ მიიღო  შესაბამისი ზომები, რითაც არსებობდა საფრთხის არიდების გონივრული მოლოდინი.

საქმეში Z v. United Kingdom სასამართლომ დადგინა, რომ საოჯახო სახლში (სახელმწიფოს ალტერნატიული ზრუნვა) ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს ბავშვების ეფექტურ დაცვას და გონივრული ნაბიჯების გადადგმას არასათანადო მოპყრობის თავიდან არიდების მიზნით, რის შესახებაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა სახელმწიფოს.

ავტორი მიმოიხილავს ო კიფის საქმეში მოსამართლეთა განსხვავებულ შეხედულებებს კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში სახელმწიფოს მიერ „საჩივრების წახალისების“ თაობაზე. მოსამართლეთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ირლანდიამ დაუშვა „მიმართვიანობის ხელშეშლა“ და ვერ უზრუნველყო იმგვარი პროცედურების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობდა ბავშვებსა და მათ მშობლებს არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში ინფორმაცია მიეწოდებინათ სახელმწიფოსთვის. 

ავტორი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ო კიფის საქმეში გამოყენებულმა მიდგომამ  შესაძლებელია გავლენა იქონიოს საერთო სამართლის სამართალწარმოების მიდგომაზე სხვის მიერ მიყენებულ ზიანის გამო პასუხისმგებლობასთან (vicarious liability)  დაკავშირებით, რომელიც არის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა და ეროვნულ სამართალში წარმოადგენს მკაცრად გამონაკლის შემთხვევას.  

ავტორი მიმოიხილავს სხვის მიერ მიყენებული ზიანის გამო დამსაქმებლის პასუხისმგებლობის საკითხს და აღნიშნავს, რომ საერთო სამართლის ტრადიციული მიდგომა სხვის მიერ მიყენებული ზიანის გამო დამსაქმებლის პასუხისმგებლობას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულის მიერ ჩადენილი ქმედება ავტორიზებულია დასაქმებულის მიერ ან დაკავშირებული დამსაქმებლის მიერ ავტორიზებულ ქმედებასთან. ამგვარი მიდგომა, ცხადია, გამორიცხავს მასწავლებლის მიერ განხორციელებული ქმედების გამო სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.  კანადის სასამართლო პრაქტიკის მიხედვით კი დამსაქმებლის ამგვარი პასუხისმგებლობა მაშინ დგება, როდესაც მასწავლებლის მოვალეობები და დანაშაულებრივი ქმედებები მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. კავშირი საკმარისად  ახლოდ მიიჩნევა მაშინ, როდესაც მასწავლებელი დასაქმებულია იმგვარ პოზიციაზე, რაც გულისხმობს მჭიდრო სიახლოვეს მოსწავლესთან და ამგვარ კავშირად შესაძლოა არ იყოს განხილული მასწავლებლისა და მოსწავლის ჩვეულებრივი ურთიერთობა დღის სკოლაში. ამგვარი მიდგომა დაინერგა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ლორდთა პალატამ შემოიღო „ახლო კავშირის ტესტი.“

ავტორი უთითებს, რომ ხედავს პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლების ნათლად აღწერის საჭიროებას.  სახელმწიფოს პასუხისმგებლობა  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და კონსტიტუციურ სამართალში კონცეპტუალურად განსხვავდება  დელიქტურ სამართალში დასაქმებულის მიერ ჩადენილი ქმედების გამო დამსაქმებლის პასუხისმგებლობისგან.  ავტორის შეფასებით, ო კიფის საქმეში სასამართლოს მიერ გამოყენებული მიდგომის პოტენციური სარგებლიანობა არის ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან  განათლების სისტემაში ბავშვების დაცვის ვალდებულების დარღვევისას იძლევა ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას, რასაც არ ითვალისწინებს  დელიქტური სამართალი.  საერთო ჯამში, ეს მიდგომა ბავშვთა დაცვის დამატებით გარანტიას ქმნის.

სტატიის დასკვნით ნაწილში ავტორი აღნიშნავს, რომ ო კიფის საქმე ნიშნავს, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა საგანმანათლებლო სისტემაში ბავშვები დაიცვას სექსუალური ძალადობისგან.  ეს მიდგომა ირლანდიისთვის შეიძლება გაფართოვდეს და გავრცელდეს სხვა საქმეებზეც. ავტორი მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შინაარსი და ბუნება კვლავ გაურკვეველი რჩება. საბოლოოდ, გადაწყვეტილება შესაძლოა ავიწროებს დელიქტური სამართლის გზით განათლების სისტემაში ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საჭიროებას, თუმცა შესაძლოა ამან ხელი შეუწყოს დელიქტურ სამართალში უფრო ნათელი კონცეფციის ჩამოყალიბებას.  ამასთანავე, ო კიფის საქმე შეიძლება გაცდეს ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობას, შეძლოს მიდგომისა და სასამართლო პრაქტიკის ფორმირება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით.   


მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.