No one has ever become poor by giving

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვის მეურვეობის თემაზე

. და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ[1][2]

გადაწყვეტილების თარიღი: 4 დეკემბერი, 2018 წელი


საქმის გარემოებები

ქალბატონი .. (პირველი მოსარჩელე, დედა) 1975 წელს დაიბადა ბუქარესტში. მეუღლესთან – “”, თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი, 2006 წელს დაბადებული .. (მეორე მოსარჩელე) და 2009 წელს დაბადებული .. (მესამე მოსარჩელე). 2010 წელს წყვილმა თანაცხოვრება დაასრულა. მშობლები შეთანხმდნენ, რომ”- ექნებოდა შეუზღუდავი ურთიერთობა შვილებთან და მათ აღზრდაში აქტიურ როლს შეასრულებდა.


2013 წლის 28 ოქტომბერს, ბავშვები და ბებია (დედის მხრიდან) ავტოავარიაში მოხვდნენ, რის შედეგადაც ბებიამ მიიღო დაზიანებები და დასჭირდა სამედიცინო დახმარება, ბავშვები არ დაზიანებულან. ამავე წლის ნოემბერში მამამ დედის თანხმობის გარეშე წაიყვანა ბავშვები. მოსარჩელე რ.ი.-ს გადმოცემით, 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის მაისამდე მას ბავშვების ნახვა იშვიათად და მხოლოდ მამის თანდასწრებით შეეძლო. 2014 წლის 5 მაისის შემდეგ კი კონტაქტი დედასა და ბავშვებს შორის კიდევ უფრო გაიშვიათდა. 6 ივნისის შემდეგ, მიუხედავად დედის მცდელობისა, ბავშვებთან ყოველგვარი კავშირი შეწყდა.

2013 წლის 25 ნოემბერს ქალბატონმა რ.ი. – მ ბავშვების მამასთან   მეურვეობის მინიჭების თაობაზე ბუქარესტის სასამართლოში დავა წამოიწყო. ამავე დროს, მან სასამართლოს მიმართა დროებითი განკარგულების გამოცემის მოთხოვნით, რათა სასამართლო დავის დასრულებამდე ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის სახლი განესაზღვრა.

2013 წლის 20 დეკემბერს, მოსარჩელემ ასევე მიმართა ბუქარესტის სოციალური უზრუნველყოფისა და ბავშვთა დაცვის სამსახურს ბავშვების მიმართ, მამის მხრიდან, ემოციური ძალადობის თაობაზე. ბუქარესტის სოციალური უზრუნველყოფისა და ბავშვთა დაცვის სამსახურმა 2014 წლის 21 იანვრისა და 5 თებერვლს შედგენილ დასკვნებში დაადგინა, რომ ბავშვები იმყოფებოდნენ კეთილსაიმედო გარემოში და იღებდნენ ოპტიმალურ ზრუნვას მამის მხრიდან. სოციალური უზრუნველყოფისა და ბავშვთა დაცვის სამსახური აღნიშნავდა, რომ ბავშვები ამჟრავნებდნენ დადებით ემოციებს მამის და მისი ახალი პარტნიორის მიმართ. ამ ანგარიშის მიხედვით, ბავშვები არ ავლენდნენ ემოციური ძალადობის ნიშნებს. თუმცა, საქმეში ჩართული ექსპერტის მოსაზრებით, ბავშვებს, ბიოლოგიურ მშობლებს შორის კონფლიქტის გამო, აღენიშნებოდათ შფოთვის და სტრესის ნიშნები და რეკომენდრიებული იყო ბავშვების ფსიქოლოგიური კონსულტირება.

დროებითი განკარგულების აღსრულება
ბუქარესტის სასამართლომ 2014 წლის 5 მაისს მიიღო დროებითი განკარგულება, რომლის თანახმადაც, ბავშვებს სასამართლო დავის დასრულებამდე უნდა ეცხოვრათ დედასთან, ხოლო მამას ბავშვების უზრუნველსაყოფად, ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 1000 ევრო თითოეული ბავშვისთვის.


2014 წლის 4 ივნისს დედამ მიმართა შესაბამის უწყებას და მოითხოვა დროებითი განკარგულების აღსრულება. 6 ივნისს მან ბავშვებს სკოლიდან სახლში წასაყვანად მიაკითხა. სკოლაში მივიდა ბავშვების მამაც, რა დროსაც, დედის მიმართ იგი ავლენდა ძალადობრივ ქმედებებს. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ საჭირო გახდა პოლიციის გამოძახება. საბოლოოდ, დედამ ვერ შეძლო ბავშვების სახლში წაყვანა. სკოლის ადმინისტრაციის რჩევით, დედა ბავშვების წასაყვანად სკოლაში მეორედ – 9 ივნისს მივიდა, მაგრამ ბავშვები იქ არ დახვდნენ.

ამავე წლის 26 ივნისს, აღმასრულებელმა ბავშვების მამას მოსთხოვა, დამორჩილებოდა დროებით განკარგულებას და ბავშვები დედისთვის 10 დღეში დაებრუნებინა. ვინაიდან მამამ კვლავ არ აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილება, აღმასრულებელმა 17 ივლისს იგი ბავშვებთან ერთად დაიბარა, სადაც მას უნდა დახვედროდა ბავშვების დედა, ორი პოლიციის ოფიცერი და ბუქარესტის ბავშვთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები. მამამ კვლავ არ შეასრულა აღმასრულებლის მოთხოვნა და სასამართლოს განკარგულება.

4 აგვისტოს დედა კვლავ დაუკავშირდა ბუქარესტის ბავშვთა დაცვის სამსახურს და აცნობა, რომ მამა ბავშვებზე მანიპულირებდა. კერძოდ, ბავშვებს უნერგავდა შიშს და დედის უარყოფას აიძულებდა. იგი კვლავ სრულად უკრძალავდა ბავშვებსა და დედას კონტაქტს. ბავშვთა დაცვის სამსახურმა დედის მიერ გამოხატული საშიშროება ბავშვებზე ზეწოლის შესახებ ვერ გადაამოწმა, რადგან სახლში ვიზიტისას მათ მამა და ბავშვები არ დახვდნენ, მამა კი, მიუხედავად მოთხოვნისა, კვლავ არ გამოცხადდა სააგენტოში. 14 აგვისტოს აღმასრულებელმა ბავშვებსა და დედას შორის მეორე შეხვედრა დანიშნა. ამჯერად, ბავშვები მამამ მიიყვანა შეხვედრაზე, თუმცა, როგორც აღმასრულებელის დასკვნაშია აღნიშნული, თავად ბავშვებმა განაცხადეს კატეგორიული უარი დედასთან წასვლაზე.  ისინი დედას ადანაშაულებდნენ, რომ თითქოს რ.ი.  ერთად ცხოვრების პერიოდში მათ უყვიროდა და პერიოდულად სცემდა. განკარგულების აღსრულება კვლავ ვერ მოხდა.

2014 წლის 2 ოქტომბერს დედისა და ბავშვშთა დაცვის სამსახურის მოთხოვნით, ბავშვებს დაენიშნათ ორთვიანი ფსიქოკონსულტაცია, ვინაიდან ისინი გაუცხოებულ დედასთან ურთიერთობაზ უარს ამბობდნენ.

ფსიქოლოგის 2015 წლის 22 იანვრის დასკვნაში, რომელიც მან 10 შეხვედრის შემდეგ შეადგინა, გაიცა რეკომენდაცია, რათა ბავშვებს და მათ მშობლებს ჩატარებოდათ გადაუდებელი კლინიკური ფსიქოლოგიური შეფასება, მათ შორის, ურთიერთობის გაუმჯობესების თაობაზე. რეკომენდაცია ასევე ეხებოდა ფსიქოკონსულტაციის გაგრძელებას.

2015 წლის 28 იანვარს დედა კვლავ დაუკავშირდა ბავშვთა დაცვის სამსახურს და შეატყობინა, რომ მისი აზრით, ბავშვების მიერ გამოხატული დედის უარყოფა წარმოადგენდა მამის ზეწოლის შედეგად ჩამოყალიბებულ მშობელთან გაუცხოების სინდრომის შედეგს. პასუხად, ბავშვთა დაცვის სამსახურმა შეადგინა 2-თვიანი სარეაბილიტაციო გეგმა, სადაც ბავშვებთან ერთად მონაწილეობას მიიღებდა სკოლის ადმინისტრაცია და ორივე ბიოლოგიური მშობელი.

2015 წლის 30 ივნისს მამამ საჩივარი დაწერა იმის თაობაზე, რომ ფსიქოლოგი ბავშვზებზე ახდენდა ზეწოლას და იწვევდა მათში სტერსს. მისი განცხადებით, სტრესმა გამოიწვია ბავშვების ჰოსპიტალიზაცია.

ბავშვთა დაცვის სამსაუხურმა, დედის მოთხოვნით, კვლავ მოიწვია ფსიქოლოგი, რომელმაც იმუშავა ბავშვებთან და შეადგინა დასკვნა. დასკვნის მიხდევით, ბავშვები არ ავლენდნენ დედის მხრიდან ცემის და სხვა სახის ფიზკური ძალადობის ნიშნებს, თუმცა, ავლენდნენ მამის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს. მამის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობა დედის გაუცხოების ფორმით ვლინდებოდა.

„ბავშვები ავლენენ მშობელთან გაუცხოების სინდრომს, განსაკუთრებით მეორე მშბელთან (დედა) მიმართებით (…) მამის ქცევა შეესაბამება გაუცხოების გამომწვევი მშობლის პროფილს, რომელსაც სჯერა, რომ მას შეუძლია იზრუნოს და დაიცვას ბავშვები დედაზე უკეთესად. მისი ქცევა, ასევე, უკავშირდება ბავშვების მხრიდან დედის უარყოფას და მასზე ნეგატიური განწყობის შექმნას, რაც, უფრო მეტად, უფროსებს შორის ურთიერთობების შედეგია ვიდრე მშობლობის უნარების“.

ფსიქოლოგის რეკომენდაციით, მშობლებს უნდა გაევლოთ ფსიქოლოგიური კონსულტაცია, რათა ბავშვების კეთილდღეობის ინტერესიდან გამომდინარე, გამოენახათ თანამშრომლობის შესაძლებლობა.


„მშობლები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მშობლებისადმი გაუცხოვება აფერხებს ბავშვების განვითარებას. ორივე მშობლის ჩართულობით თერაპიული ინტერვენციის გარეშე, ბავშვებს დაეწყებათ ემოციური და ქცევითი პრობლემები. რეკომენდირებულია, ბავშვები აღარ ჩაერთონ მშობლებს შორის კონფლიქტში, რაც იწვევს მათ ტრავმირებას და მათ ემოციურ განვითარებას მიაყენებს მნიშვნელოვან ზიანს“.

2015 წლის 23 ნოემბერს, დედამ აღმასრულებელს სთხოვა, განეახლებინა დროებითი განკარგულების აღსრულება. შეხვედრები ბავშვებთან ჩაინიშნა 2016 წლის 7 და 23 მარტს, თუმცა, მამა და ბავშვები შეხვედრებზე აღარ მისულან. დედამ კვლავ შეატყობინა თავისი წუხილი ბავშვთა დაცვის სამსახურს იმის თაობაზე, რომ მამა კვლავ აგრძელებდა მისგან ბავშვების გაუცხოებას.

სასამართლოს გადაწყვეტილება მეურვეობის თაობაზე
2014 წლის 24 ნოემბერს, ბუქარესტის სასამართლომ ბავშვებზე მეურვეობა მიანიჭა დედას და დაავალა მამას ალიმენტის გადახდა თვეში 5000 რუმინული ლეის ოდენობით.

2016 წლის 27 ივლისს დედამ მოითხოვა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.

2017 წლის მარტში მამამ ხელისუფლებას აცნობა, რომ ბავშვებთან ერთად შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და გადავიდა ნოვოდარში.  მისი განცხადებით, ბავშვების ფსიქლოგიურ კონსულტაციაც ახალ საცხოვრებელ ადგილას გაგრძელდებოდა. მისი მტკიცებით, არასდროს აუკრძალავს ბავშვებისა და დედის კონტაქტი.

2018 წლის 18 ივლისის მდგომარეობით, ბავშვები კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებდნენ საცხოვრებლად დედასთან გადასვლაზე.

სისხლის სამართლის გამოძიება

მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 17 ივნისს, პოლიციამ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება მამის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო. 2016 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელემ პროკურატურას მიმართა, გამოძიება ასევე დაწყებულიყო მამის მხრიდან ბავშვებზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და ფსიქოლოგიური ძალადობის მიმართულებით.

2016 წლის 28 ივნისს, პროკურატურამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის განცხადება, ვინაიდან მათ ვერ აღმოაჩინეს ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის ნიშნები. პროკურატურის გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემოდგომ პროკურორთან, თუმცა, არც ეს საჩივარი დაკმაყოფილდა.  13 ოქტომბერს კი, ბუქარესტის სასამართლომ დაუშვებლად ცნო მოსარჩელის საჩივარი პროკურატურის წინააღმდეგ.

მეურვეობის საკითხის ცვლილება

2016 წლის 17 აგვისტოს, მამამ მიმართა ბუქარესტის სასამართლოს და მათზე ფიზიკური მეურვეობა მოითხოვა. 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვებს უნდა ეცხოვრათ მამასთან. სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ ბავშვები უკვე 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ მამასთან და მათ ცხოვრბაში იგი ერთადერთ მშობელს წარმოადგენდა. სასამართლოს პოზიციით, მათ ცხოვრებაში უეცარი ცვლილება გამოიწვევდა დიდ სტრესს. სასამართლო აგრეთვე აღნიშნავდა, რომ ბაშვები უარს ამბობდნენ დედასთან ცხოვრებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ მოსარჩელისთვის არასოდეს შეუზღუდავს ბავშვებთან ურთერთობა, არამედ, მისი ნებით შეწყდა კომუნიკაცია. ამავე დროს, სასამართლომ მოუწოდა ბავშვების მშობლებს, დაესრულებინათ კონფლიქტი ბავშვების ინტერესის გათვალისწინებით.

დედამ ეს გადაწყვეტილება 2017 წლის 7 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩიივრა. აპელაციამ გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მამას არ მიაკუთვნა ბავშვებზე ფიზიკური მეურვეობა. სასამართლოს მოსაზრებით:

„ბავშვებზე მეურვეობის შესახებ გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ვერ ჩაითვლება დედის ბრალეულ ქმედებად, ვინაიდან რუმინეთის სახელმწიფოს ჰქონდა პოზიტიური ვალდებულება, რათა განეხორციელებინა ყველა გადაუდებელი და აუცილებელი სამართლებრივი ღონისძიება მოსარჩელის ოჯახური ცხოვრების უფლების დასაცავად. ეს ღონისძიებები გულისხმობდა ბავშვების დაბრუნებას დედის სახლში, რათა თავიდან აერიდებინათ ბავშვების გაუცხოება დედის მიმართ.

შესაბამისად, მოსარჩელის დასჯა ბავშვებზე მეურვეობის ჩამორთმევით, იმ გარემოებების გამო, რაზეც ის პასუხისმგებელი ვერ იქნებოდა, წარმოადგენდა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის და ოჯახური ცხოვრების უფლებების არსებითი დარღვევას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანცია თავის გადაწყვეტილებაში ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ ბავშვებს ჰქონდათ ძლიერი მიჯაჭვულობა მამასთან და უარს ამბობდნენ დედასთან კომუნიკაციაზე; თუმცა, ყოველივე აღნიშნული წარმოადგენდა 2014 წლის გადაწყვეტილების აღუსრულებლობით გამოწვეულ პირდაპირ შედეგს. ასევე, სასამართლო უთითებს, რომ მამას ჰქონდა ბავშვებზე ზეგავლენის რეალური შესაძლებლობა, რათა მათ დედა აღექვათ როგორც უცხო, როგორც საფრთხე მამის და ბავშვებს შორის ურთიერთობისა და როგორც საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის. ასევე,
თუ ბავშვები დარჩებოდნენ მამასთან საცხოვრებლად, ბავშვებსა და დედას შორის ოჯახური კავშირი ყოველ ეჭვს გარეშე გაწყდებოდა. შესაბამისად, დედის მიერ ბავშვების მონახულების ნებისმიერი პროგრამა იქნებოდა მხოლოდ ილუზორული და ფორმალური (…)“.

კანონმდებლობა
მე-8 მუხლის დარღვევა.
მე-8 მუხლი, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება:

  1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
  2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოების უსაფრთხოების და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისთვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა და სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

მოსარჩელე, დედა, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოსადმი მიმართულ სარჩელში აცხადებდა, რომ რუმინეთის ხელისუფლებამ დაარღვია მისი და მისი შვილების ოჯახური ცხოვრების უფლება, ვინაიდან არ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილებები ბავშვების მეურვეობაზე. სახელმწიფო ორგანოებმა ასევე ეფექტურად ვერ დაიცვეს ბავშვები მამის მხრიდან ძალადობისგან.

სასამართლოს შეფასება

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მშობლისა და ბავშვის ერთად ყოფნის, თანაცხოვრების სიამოვნება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის, „ოჯახური ცხოვრების“ უფლების ძირითადი არსია, მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობა მშობელსა და ბავშვს შორის გარკვეულწილად პრობლემურია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური ცხოვრება, კონვენციის მიხედვით, ძირითადად, დაცულია სახელმწიფოს მხრიდან შერჩევითი ჩარევის შემთხვევებისგან, დამატებით, ასევე არსებობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება – „პატივი სცეს“ ოჯახურ ცხოვრებას.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო მსჯელობს, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ღონისძიება, მე-8 მუხლის მიზნებისთვის, გულისხმობს სახელმწიფო ორგანოების ნაბიჯებს – გააერთიანოს მშობლები და ბავშვები, ხელი შეუწყოს მათ ერთმანეთთან დაბრუნებას. ოჯახების გაერთიანება ეხება არა მარტო იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვი მოთავსებულია სახელმწიფო სამზრუნველო დაწესებულებაში, საიდანაც უწევს ოჯახში დაბრუნება, არამედ იმ შემთხვევბსაც, როდესაც მშობლებს შორის მიმდინარეობს საოჯახო დავა ბავშვებთან ურთიერთობისა და საცხოვრებლის განსაზღვრის თაობაზე. ეს პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს როგორც კანონმდებლობის არსებობას, ისე მის ეფექტურ აღსრულებას.
სასამართლო მოცემულ დავაში შეაფასებს, თუ რამდენად გამოიყენა ეროვნულმა ხელისუფლებამ მის ხელთ არსებული ყველა აუცილებელი ზომა ბავშვებისა და მშობლის გაერთიანების მიზნით. სასამართლო ამოწმებს იყო თუ არა დაცული ბალანსი ინდივიდისა და საზოგადოების, მათ შორის, მესამე პირების, ინტერესებს შორის. ამ ბალანსის დაცვის პროცესში, გასანკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რომელიც, გარემოებების არსიდან და სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა, აჭარბებდეს მშობლების ინტერესის დაცვის მიზანს. ამავე დროს, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ბავშვის მოწყვლადი სტატუსიდან გამომდინარე, იგი დაცვის განსაკუთრებულ ზომას საჭიროებს.

სასამართლოს წინა გადაწყვეტილებებში უკვე აღუნიშნავს, რომ მეურვეობის არაეფექტური და დაგვიანებული სამართალწარმოება, შესაძლოა არღვევდეს კონვენციის მე-8 მუხლს. ამ კონტექსტში ღონისძიების ადეკვატურობა ფასდება მისი აღსრულების სისწრაფით, ვინაიდან, დროის ფაქტორს აქვს შეუქცევადი ეფექტი ბავშვის და იმ მშობელის ურთოერთობაზე რომელთანაც არ თანაცხოვრობს.

სამართალწარმოების დრო განსაკუთრებულად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, როდესაც დავა ეხება ბავშვებს ვინაიდან, ყოველთვის არსებობს საფრთხე რომ პროცედურების ნებისმიერი სახით გაჯანჯლება გავლენას იქონიებს დავის საკითხის გადაწყვეტაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ორგანოების წარუმატებელი ქმედებები ავტომატურად არ გულისხმობს, რომ მან დაარღვია მე-8 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება. ხელისუფლების ვალდებულება ბავშვისა და მშობლის გაერთიანებისა არ არის აბსოლუტური, ვინაიდან იმ ბავშვის და მშობლის გაერთიანება, რომელბიც გარკვეული ხნის განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, შესაძლოა, ვერ მოხდეს დაუყოვნებლივ და, შესაძლოა, მოითხოვოს მოსამზადებელი სამუშაოები.  მოსამზადებელი სამუშაოების ხასიათი და ინტენსიობა დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე, მაგრამ ამ სამუშაოების დროს გადამწყვეტია ყველა მხარის ჩართულობა და თანამშრომლობა ერთმანეთთან. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გააკეთონ მაქსიმუმი ამ თანამშრომლობის მხარდასაჭერად, თუმცა, ამავე დროს, მათ აქვთ იძულებითი ღონისძიებების განხორციელების შეზღუდული ვალდებულება, ვინაიდან მათ უნდა გაითვალისწინონ ყველა ჩართული მხარის ინტერესი, უფლებები და თავისუფლებები, განსაკუთრებით კი, ბავშვის საუკეთესო ინტერესი და მისი მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლება.
როგორც სასამართლომ წინა მსჯელობისას აღნიშნა, არ არის მისაღები და სასურველი იძულებითი ღონისძიებების გატარება ბავშვების მიმართ ამ განსაკუთრებულად მგრძნობიარე ვითარებაში; თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს სანქციების გამოყენება იმ მშობლის უკანონო ქმედების მიმართ, რმელთანაც ცხოვრობს ბავშვი. შესაძლებელია, ხელისუფლების მხრიდან უფრო მკაცრი სანქციის გამოყენებამ არ შეცვალოს ამ მშობლის პოზიცია მაგრამ, ეს არ ათავისუფლებს ხელისუფლების ორგანოებს ვალდებულებისგან მიიღოს ყველა საჭირო ზომა კონტაქტის დასამყარებლად (ბავშვსა და იმ მშობელს შორის, რომელთანაც ბავშვი დააცილეს).

სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს წინარე გადაწყვეტილებებში აღნიშნულ გარემოებას იმის შესახებ, რომ მართალია, ბავშვების აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ მათი აზრი ყოველთვის საბოლოოდ ჩამოყალიბებული და უცვლელი არ არის. ბავშვის უფლება გამოხატოს თავისი აზრი, არ უნდა განიმარტოს როგორც უპირობო უფლება, სხვა ფაქტორებისა და მისი ჭეშმარიტი ინტერესის გამოკვლევის გარეშე. ასეთი ინტერესი კი, როგორც წესი, მიუთითებს, რომ ბავშვის კავშირები ოჯახთან უნდა შენარჩუნდეს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კავშირი საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის.

წინამდებარე საქმეში ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ 2014 წლის 5 მაისისა და 24 სექტემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც დედას ანიჭებდა მეურვეობას ბავშვებზე, ხელისუფლების ორგანოებისთვის წარმოშობდა ყველა ზომის მიღების ვალდებულებას ბავშვების და მოსარჩელის ოჯახის გასაერთიანებლად. ასევე, ეჭვგარეშეა, რომ ის ზომები რაც მიიღეს ხელისუფლების ორგანოებმა არ აღმოჩნდა ეფექტური. დედას არ ჰქონდა შესაძლებლობა ეცხოვრა ბავშვებთან 2013 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც მამამ ბავშვები მისგან წაიყვანა. ბავშვები 2018 წლის 18 ივლისის მდგომარეობით, კვლავ მამასთან რჩებიან.
სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემობაზე, რომ ხელისუფლების ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებების ადეკვატურობა ამ ტიპის საქმეებში ფასდება მათი განხორციელების სისწრაფით. ხელისუფლების სწრაფი მოქმედების ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ საქმეებში, როგორიც ეს საქმეა, სადაც მეურვეობაზე უფლების მქონე მშბელი ითხოვს ბავშვების დაბრუნებას პირისგან (იქნება ეს მამა თუ მესამე მხარე), ვისაც ბავშვები უკანონდ ჰყავს, მეურვეობის მქონე პირის თანხმობის გარეშე. მოცემულ საქმეში დედას მშობლის უფლების განხორციელება 5 წლის განმავლობაში არ შეეძლო.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასული დრო, სასამართლოს პირველი გადაწყვეტილებიდან, რომელმაც დაადასტურა მოსარჩელის უფლება მასთან ეცხოვრათ ბავშვებს წინამდებარე გადაწყვეტილებამდე თავისთავად პრობლემატურია, ვინაიდან იგი არღვევს ოჯახურ კავშირს დედასა და მის შვილებს შორის, შესაბამისად, უფრო და უფრო ართულებს მეურვეობის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ორგანოები მართლაც რთულ მდგომარეობაში იყვნენ გადაწყვეტილების აღსრულების მიმართულებით, ვინაიდან მათ უწევდათ ჯერ გამკლავებოდნენ მამის და შემდეგ უკვე ბავშვების წინააღმდეგობას, მაგრამ ამ ვითარებაშიც კი, სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობა არ ათავისუფლებს ხელისუფლებას ვალდებულებისგან – მიიღოს ყველა საჭირო ზომა ოჯახური კავშირების აღსადგენად ან შესანარჩუნებლად.

ამ საქმეში არსებული ინფორმაცია ადასტურებს რომ სოციალური უზრუნველყოფისა და ბავშვთა დაცვის ორგანოს ჰქონდა საკმაოდ პასიური პოზიცია. პასიურობა თვალსაჩინო იყო განსაკუთრებით ორ შემთხვევაში: როდესაც სააგენტომ არ განახორციელა დედის საჩივარზე რეაგირება, ვინაიდან მამა სახლში არ დახვდათ. საქმეში არ დევს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სააგენტოს აღნიშნული ვიზიტის გარდა ჰქონდა რაიმე სხვა მცდელობა პრობლების გადასაწყვეტად, ან რომ სააგენტომ აამოქმედა სადამსჯელო მექანიზმი მამის სანქცირებისთვის მის მიერ გამოხატულ ხელშემშლელ ქმედებაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე დედას ჰქონდა არაერთი მცდელობა მეურვეობის გადაწყვეტილების აღსრულებისა და ბავშვების დაცვისა მამის ზეგავლენისგან, რისთვისაც იგი საჩივრებს წარადგენდა ბავშვთა დაცვის სააგენტოსა და პროკურატურაში.

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგი მიუთითებდა ხელისუფლების ორგანოების მხრიდან 2015 წლის 22 იანვარს ბავშვების დაუყოვნებელი შეფასების აუცილებლობაზე, ხელისუფლების ორგანოებს არასოდეს მუთხოვიათ ექსპერტული შეფასების ჩატარება ბავშვებისთვის. მხოლოდ დედის მხრიდან სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველზე ჩატარდა იმგვარი ფსიქოლოგიური შეფასება, რომელიც მიმართული იყო მამის მიერ ბავშვის მეორე მშოელთან გაუცხოების შეფასებაზე, რასაც იგი ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმით ახორციელებდა და დადასტურდა ფსიქოლოგის შეფასებით. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების ორგანოები არ აქცევდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას დედასა და ბაშვებს შორის ურთიერთობის თანდათანობით რღვევას და მამის მანიპულაციურ ქცევას.
აღნიშნული საკითხები საკმარისია სასამართლოსთვის, დაადგინოს, რომ მიუხედავად ხელისუფლების ორგანოების სუბსიდიარული როლისა, ისინი არ მოქმედებდნენ დროულად და არ ახორციელებდნენ ამ სიტუაციაში გონივრულ ღონისძიებებს, მეურვეობის შესახებ გადაწყვეტილების აღსასრულებლად. შესაბამისად, მათ ვერ დაიცვეს სამართლიანი ბალანსი ინდივიდისა და საზოგადოების დაპირსიპირებულ ინტერესს შორის. შეჯამებისთვის კი. უნდა ითქვას, რომ მოსარჩელემ ვერ მიიღო თავის ოჯახური ცხოვრების უფლების ეფექტური დაცვა სახელმწიფოსგან და სახეზეა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.

სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ვინაიდან მეორე და მესამე მოსარჩელემ (ბავშვებმა) ხუთი წელი იცხოვრეს მამასთან და დღეს უარს ამბობენ დედასთან რაიმე სახით კონტაქტზე, წინამდებარე გადაწყვეტილება არ უნდა განიმარტოს ისე, რომ ბავშვების და მშობლის გაერთიანება უნდა მოხდეს წინასწარი მომზადების გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა:
  1. კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა;
  2. მოსარჩელეებისთვის სახელმწიფოს მხრიდან 7500 ევროს გადახდის ვალდებულება მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით;
  3. პირველი მოსარჩელისთვის სახელმწიფოს მხრიდან 3 199.37 ევროს გადახდის ვალდებულება ადვოკატისა და საფოსტო ხარჯების ასანაზრაურებლად.

თარგმნა ანა არგანაშვილმა

რედაქტირება თამარ კურატიშვილი

[1] R.I. and others v. Romania, 570777/16

[2] პუბლიკაციის ფორმატიდან გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილება ნათარგმნია არასრულად.