2021 წლის 27 მაისს,
ტელეკომპანია „ფორმულა“-ს ეთერში გავიდა გადაცემა „ჩათი“-ს ანონსი, სადაც, საქართველოს
პარლამენტის მოქმედი წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ბავშვთა უფლებებზე არაეთიკურად საუბრობს.
მეგრელიშვილი ბავშვებს
მიმართავს შემდეგნაირად: „ ... ბავშვებს უფლებები არ გაქვთ;“ „... იმ თემში თუ ზოგადად მიღებულია ბავშვების მიტყეპვა
ტრაკოზე, ჩემი საქმე არ არის...“; ასევე,
ბავშვების შეკითხვაზე დასაშვებია თუ არა მშობლების
მიერ ბავშვის ცემა, ის პასუხობს, რომ მშობელს უფლება აქვს ბავშვი ცემოს. ბავშვის
ფრაზას, რომ ის არ იცნობს „ბავშვის უფლებათა კოდექსს“ პასუხობს, რომ ეს ძალიან კარგია,
რადგან შიგნით [კოდექსში] ბევრი სისულელე წერია.
აღსანიშნავია, რომ
დეპუტატი გამოირჩევა სხვადასხვა ჯგუფების, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ დისკრიმინაციული
დამოკიდებულებით, მათი ღირსების შემლახველი და ძალადობის წამახალისებელი მოსაზრებებით.
პარლამენტის წევრად არჩევამდე, მან ბავშვებთან დაკავშირებით გამოიყენა ფრაზა „ბავშვი
არ არის სრულფასოვანი ადამიანი“, ტრეფიკინგის პრობლემაზე საუბრის დროს აღნიშნა,
„რატომ არ შეიძლება ბავშვებით ვაჭრობა?“ და ასევე, ბავშვთა პორნოგრაფიის დანაშაულთან
დაკავებული პირის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის
შენახვა არ უნდა იყოს დასჯადი ქმედება, ვინაიდან დაზარალებული არ ჰყავს ამ დანაშაულს.
პარლამენტარის საუბარი ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით
და საერთაშორისო სამართლით დაცულ სიკეთეს - ბავშვის უფლებებს. ამყარებს რა სტერეოტიპებს
და შეხედულებებს ბავშვის უფლების სუბიექტად აღქმასთან დაკავშირებით, ზიანს აყენებს
ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და სერიოზული რისკის წინაშე აყენებს არასრულწლოვნებს.
ამასთანავე, დეპუტატის საუბარი დისკრიმინაციულია
და ძალადობის ხელშემწყობია. ის გამორიცხავს უფლების მფლობელთა რიგებიდან ბავშვებს და
ამართლებს „უუფლებო ბავშვის“ მიმართ ტკივილის მიყენებას (ცემა, ძალადობა). მისი არაჰუმანური
დამოკიდებულების არგუმენტაციისათვის პირადი გამოცდილება მოყავს, ამბობს რომ მას სცემდნენ
ოჯახის წევრები ბავშვობაში და ამ ძალადობრივ გამოცდილებას ნორმად მიიჩნევს სხვების
მიმართაც.
საქართველოს პარლამენტის
ეთიკის კოდექსის ადგენს დეპუტატის ეთიკურ წესებს, ვალდებულებას დაიცვან თანასწორობის
პრინციპი, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს, არ გამოიყენონ დამამცირებელი, ძალადობრივი
და სიძულვილის ენა.
შესაბამისად, ვახტანგ
მეგრელიშვილის მიერ, ეთიკის წესების დარღვევის გამო, PHR-მა მიმართა პარლამენტის ეთიკის საბჭოს და მოითხოვა
ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტების ოფიციალური შესწავლა.