ყველას გახსოვთ
პატარა გიგი აფრიკის დასახლებიდან, რომელსაც სახელმწიფო უნგრევდა სახლს სადაც ოჯახთან
ერთად ცხოვრობდა. გიგის ინტერესებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“
PHR იცავდა. ჩვენ მივმართეთ
სასამართლოს რათა შეეჩერებინა გიგის სახლის დემონტაჟი ბავშვის ინტერესების დაცვის გამო.
აღნიშნული დემონტაჟი არ შეაჩერა თბილისის საქალაქო სასამართლომ, რაც აპელაციაში გასაჩივრდა.
დღეს ჩაგვბარდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, სადაც მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა მნიშვნელოვანი
განმარტება გააკეთა აფრიკის დასახლებაში განხორციელებული დემონტაჟის შეჩერების შესახებ.
გააკრიტიკა პირველი ინსტანციის სასამართლოს უარი დემონტაჟის დაუყოვნებელი შეჩერების შესახებ
და განმარტა:
„მოცემულ შემთხვევაში იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ ოჯახი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახს, რომელიც ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში და რომელთა წინაშეც სახელწმიფოს აქვს ვალდებულება დააკმაყოფილოს სათანადო საცხოვრებლით, მიიღოს ყველა ზომა, რათა დევნილ ოჯახს შეუქმნას უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, კონკრეტული პერიოდისათვის ოჯახს არ გააჩნდა და სახელმწიფოს არ ჰქონდა შეთავაზებული სხვა ალტერნატიული ფართი, ამასთანავე გიგი ჩანგელიას ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 1000 ქულა; ამასთანავე, გიგი ჩანგელიას მშობლები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ ჰყავთ სამი შვილი, ყველაზე პატარა განმცხადებელი - გიგი ჩანგელია 8 წლის, რომლის საუკეთესო ინტერესიცაა უზრუნველყოფილი იქნას სათანადო საცხოვრებლით. პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა გარემოების ერთად და არა რომელიმე ცალკე აღებულის (მათ შორის მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესების) შეფასებით პალატის მოსაზრებით არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღების (განცხადების დაკმაყოფილების) ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.“
აღნიშნული განმარტებით
სასამართლომ მიიჩნია, რომ გიგის ოჯახის მიმართ, აფრიკის დასახლებაში მომხდარი ქმედებები
და შემდგომში საქალაქო სასამართლოს უარი დემონტაჟის შეჩერებაზე იყო დაუსაბუთებელი.
თუმცა არ დაავალა დემონტაჟის შეჩერება რადგან ამ დროისთვის უკვე განხორცილებული იყო
საცხოვრებელი ფართის ნგრევა და შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს ამგვარ გადაწყვტილებას
აღარ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი.
მიგვაჩნია, რომ
მოსამართლე ხატია არდაზიშვილის აღნიშნული გადაწყვეტილება
არის დემონტაჟის მარეგულირებელი კანონმდებლობის და მისი სახელმწიფოს მხრიდან გამოყენების
პროგრესული ინტერპრეტაცია რადგან ის ეფუძნება სოციალურად სამართლიანი პოლიტიკის, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პრითა და იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა განსაკუთრებით კი ბავშვთა
ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის დაცვის მიზანს. შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება
გახდება სამომავლოდ სახელმწიფოს აღმასრულებელი ფუნქციის განხორციელების და დავის შემთხვევაში
სასამართლოს მიერ სამართლიანი შეფასების მაგალითი.