No one has ever become poor by giving

განათლების სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს ეფექტური გეგმა და უზრუნველყოს მისი აღსრულება, რათა შშმ და სსსმ ბავშვებს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და განათლების უფლება დაცული იყოს 15 თებერვალს სკოლებში დაბრუნებისას.

ამ მოთხოვნით მიმართა სწორედ PHR-მა სასამართლოს და მოითხოვა დროებითი განჩინების გამოცემა. ორგანიზაციას მიაჩნია, 2021 წლის 15 თებერვალს, ყველა ბავშვის და განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე ბავშვების დაბრუნება სკოლაში, განათლების სამინისტროს ადეკვატური რეკომენდაციების და პროტოკოლის გარეშე, საფრთხეს უქმნის ყველა ბავშვს, განსაკუთრებით შშმ და სსსმ ბავშვებს.

სწორედ ამიტომ, PHR-მა სპეციალური მოსარჩელის სტატუსით შშმ და სსსმ მოსწავლეების უფლებების დაცვის მიზნით  სასამართლოს დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნით მიმართა. შშმ და სსსმ მოსწავლეები დგანან გაზრდილი საფრთხის წინაშე დაირღვეს მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების და უსაფრთხოების უფლება 2021 წლის 15 თებერვალს სკოლებში არაორგანიზებული და საფრთხის შემცველი დაბრუნების გამო.

მიგვაჩნია, რომ განათლების სამინისტროს უმოქმედობა შეუძლებელია შეივსოს მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით. ამ ეტაპზე სკოლების არსებული ვითარება კი არ იძლევა მათი მხრიდან პანდემიის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას განსხვავებული ფინანსური და ადამიანური რესურსების გამო.

PHR-ი მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს განათლების სამინისტროს 15 თებერვლამდე დაავალოს კონკრეტული და ეფექტური გეგმის შექმნა, რათა ყველა ბავშვის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და განათლების უფლება არ დაირღვეს მათი სკოლებში დაბრუნებისას.

დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნა PHR-მა სასამართლოში შეიტანა სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, როგორც შშმ და სსსმ ბავშვთა დამცველი ორგანიზაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც პრაქტიკაში მოხდა სპეციალური მოსარჩელის სტატუსით სასამართლოსთვის მიმართვის საკანონმდებლო სიხალის გამოყენება. აღნიშნული ცვლილება 2021 წლის იანვარიდან შევიდა ძალაში შეზღუდული შესაძლებლობის უფლებების შესახებ კანონით.


სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.